სიჩქარის გადაჭარბებაზე უნდა იყოს უფრო მკაცრი მოთხოვნები, თუნდაც მართვის მოწმობის ჩამორთმევა, მაგრამ გამკაცრება დამხმარე ღონისძიებაა, მთავარია ცოდნა, – ამის შესახებ საავტომობილო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა მევლუდ მელაძემ „კვირის პალიტრასთან“ ავტოსაგზაო შემთხვევების გაზრდილ შემთხვევებზე საუბრისას განაცხადა.
როგორც მანვე აღნიშნა, ჯარიმების გაზრდას მნიშვნელობა არ აქვს. მისი თქმით, ყველაფერი მოდის განათლებიდან. მევლუდ მელაძე ამ ნაწილში საუბრისას ბაღებიდან საგზაო მოძრაობის წესების სწავლის საჭიროებაზე ამახვილებს ყურადღებას.
„მნიშვნელობა არა აქვს, ჯარიმებს რამხელაზე გავზრდით, მაინც ყველაფერი განათლებამდე მიდის. არაერთხელ მითქვამს, საგზაო მოძრაობის ანაბანას ახსნა უნდა დავიწყოთ ბაღებიდან, მერე სკოლაში, შემდეგ უმაღლეს სასწავლებლებში. როცა არა გაქვს ცოდნა, თუ რა შეიძლება მოჰყვეს სიჩქარეს, იოლია შეცდომების დაშვება. ჩემთვის ასეთი ფაქტები ათმაგად მძიმეა, იმიტომ, რომ ჩემი შვილიც მსგავს სიტუაციაში აღმოჩნდა.
გამოუარეს მეგობრებმა და ჩაისვეს მანქანაში. საჭესთან 13 წლის ბავშვი იჯდა, ეგონა, სწორ გზაზე მართვას არ დაკარგავდა, მაგრამ შეცდა და დაიღუპა ორი ბავშვი. ერთადერთი გამოსავალი ცნობიერების ამაღლებაა, ისე, როგორც სკანდინავიის ქვეყნებშია. შარშან ფინეთში ავტოავარიაში ერთი დაღუპულიც აღარ ჰყავდათ, იმიტომ, რომ სამოქალაქო ცნობიერება მაღალ დონეზეა და არა იმიტომ, რომ ჯარიმებია მწარე მათრახის მსგავსი. თუმცა საჯარიმო სანქციები სიცოცხლისთვის სახიფათო მანევრების გამო საჭიროა.
სიჩქარის გადაჭარბებაზე უნდა იყოს უფრო მკაცრი მოთხოვნები, თუნდაც მართვის მოწმობის ჩამორთმევა, მაგრამ გამკაცრება დამხმარე ღონისძიებაა, მთავარია ცოდნა. სკანდინავიის ქვეყნებში ბავშვებს ბაღიდან ასწავლიან, რომ ისინი უკვე საგზაო მოძრაობის მონაწილენი არიან, ისევე როგორც ავტომობილის თუ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლები. რაც უფრო დავაგვიანებთ ამის სწავლებას, მით უფრო გაგრძელდება ტრაგედიები. გააგრძელეთ კითხვა…










