საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში გმირულად დაღუპული მებრძოლის, იაგო ბზიკაძის ნეშთი 33 წლის შემდეგ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გუმბრაში ჩამოასვენეს.-ინფორმაციას წყალტუბოს მერია ავრცელებს
წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძარში გმირის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი მამა დავითმა გადაიხადა. დაკრძალვის ცერემონიალს ოჯახის წევრები, თანასოფლელები, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე გია კვასტიანი, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე კობა გურეშიძე, მოადგილე სერგო კირკიტაძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
გმირის დედის, მაყვალა სილაგაძის განცხადებით, 21 წლის იაგო ბზიკაძე აფხაზეთის ომში სამხედრო სავალდებულო სამსახურის დასრულების შემდეგ მოხალისედ წავიდა და სოხუმის დაცემამდე სამშობლოს ერთგულად იცავდა.
33 წლის შემდეგ გმირის ნეშთის იდენტიფიცირება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის თანამშრომლობით გახდა შესაძლებელი.
იაგო ბზიკაძე სოფელ გუმბრის სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს.