2026 წლის ივნისიდან ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებ პრაქტიკულ გამოცდასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი ცვლილება ამოქმედდება – ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო ავრცელებს.
უფრო კონკრეტულად, ცვლილებების შედეგად, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით მხოლოდ გეგმური გამოცდები ჩატარდება. რაც შეეხება არაგეგმურ გამოცდას, მისი ჩაბარების შესაძლებლობა მოქალაქეებს მხოლოდ შაბათ დღეს იქნება.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო გაცნობებთ, რომ მოქალაქეთა ინტერესების გათვალისწინებით და ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, მიმდინარე წლის ივნისის თვიდან, ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებ პრაქტიკულ გამოცდასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი ცვლილება ამოქმედდება.
ცვლილების ამოქმედებამდე, თუ მოქალაქეებს ჰქონდათ შესაძლებლობა ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის, როგორც გეგმური, ასევე, არაგეგმური (250 ლარიანი) გამოცდით ესარგებლათ, ცვლილების ამოქმედების შემდეგ, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით მხოლოდ გეგმური გამოცდები ჩატარდება. მოქალაქეებს არაგეგმური გამოცდის ჩაბარების საშუალება მხოლოდ შაბათს ექნებათ.
აქვე აღვნიშნავთ, რომ არაგეგმური გამოცდების კვოტა მთლიანად დაემატება გეგმურ გამოცდებს“, – აღნიშნულია შსს-ს მომსახურების სააგენტოს განცხადებაში.









