საქართველოს საპატრიარქოში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლებთან შეხვედრა დასრულდა.
როგორც დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვის მამამ კახა წიქარიშვილმა შეხვედრის დასრულებისას აღნიშნა, 3 საკითხზე დააყენეს მოთხოვნა, საპატრიარქოსგან კი დადებითი პასუხი მიიღეს.
მისივე თქმით, ერთ-ერთი მოთხოვნა იყო დახმარება ფონდის შექმნაში, სადაც ყველა დაინტერესებული მხარე თანხას ჩარიცხავს მედიკამენტის შესაძენად.
„შევხვდით საპატრიარქოს წარმომადგენლებს, მათ შორის მამა გურამ ჭარელაშვილს. გავაცანით ინფორმაცია დაავადების შესახებ, რა მასშტაბის პრობლემაა, რა გვესაჭიროება.
თქვეს, რომ ყველანაირ დახმარებას აღმოგვიჩენენ, რაც მათი შესაძლებლობის ფარგლებშია. ჩვენ ვითხოვდით დახმარებას ხელისუფლებასთან კომუნიკაციაში, ასევე მოუწოდონ ხელისუფლებას ყველა ზომა იყოს მიღებული ბავშვების გადასარჩენად. მეორე: ვთხოვეთ დახმარება კონკრეტული პრობლემის მოგვარებაში, რაც ძალიან მძიმე პაციენტებს აქვთ, მართვით სუნთქვაზე არიან და მძიმე ფინანსური მდგომარეობა აქვთ. ადაპტირებული პირობებიც არ აქვთ, რათა გარეთ გამოვიდნენ.
ასევე ვთხოვეთ შეიქმნას ფონდი, დახმარება გაგვიწიონ, სადაც ყველა დაინტერესებული მხარე თანხას ჩარიცხავს. ამ ფონდით და სახელმწიფოს დახმარებით შევიძენთ მედიკამენტს. ამ სამ საკითხზე ვთხოვეთ დახმარება და დადებითი პასუხი მივიღეთ”,- აღნიშნავს წიქარიშვილი.
მისივე თქმით, შესაძლოა აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით, კიდევ ერთი შეხვედრა ჩაინიშნოს საპატრიარქოში.










