საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ინფორმაციას ავრცელებს ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსის, ყოვლადუსამღვდელოეს საბას (ინწკირველი) მიერ მიღებული კანონიკური გადაწყვეტილების შესახებ…
ჩვენთვის ცნობილია ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსის, ყოვლადუსამღვდელოეს საბას (ინწკირველი) მიერ მიღებული კანონიკური გადაწყვეტილების შესახებ სამი მონასტრის (წმინდა იაკობის სახელობის მონასტრის – ოკლაჰომის შტატიდან, წმინდა ნინოსა და სულიწმინდის სახელობის მონასტრების – მერილენდიდან) სასულიერო პირებისა და მონაზვნების მიმართ.
მისი ყოვლადუსამღვდელოესობის, ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოს საბას მიერ ჩვენდამი მოწერილი ახსნა-განმარტებითი მოხსენებით ცნობილია, რომ იღუმენები გასულ წელს განკვეთილი არიან სამღვდელო ხარისხიდან, ხოლო იღუმენია გადაყენებულ იქნა წინამძღვრობიდან, მონასტრის წევრებს კი აეკრძალათ წმინდა ზიარება „იმ მრავალი კანონიკური დანაშაულის გამო, რომლებიც მათ ჩაიდინეს ეკლესიის წინაშე“, – ნათქვამია წერილში.
ყოველივე ამის შესახებ თავის დროზე ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსმა საბამ წერილობით აცნობა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-საც. დამატებით, მის მიერ ამა წლის 21 მარტს გამოგზავნილ წერილში ვკითხულობთ, რომ ეს პიროვნებები თავს წარმოაჩენენ ისე, თითქოს ისინი საქართველოს საპატრიარქოს სტავროპიგიალური მონასტრების წინამძღვრები და წევრები არიან.
სიცხადისთვის ყველა დაინტერესებულ მხარეს ვაცნობებთ, რომ, გარდა მათზე დაკისრებული სასჯელისა, რაც გვეცნობა ეპისკოპოს საბასგან (ინწკირველი), ზემოთ ნახსენები მონასტრები არ არ არის სტავროპიგიალური და არ ექვემდებარება საქართველოს საპატრიარქოს. – ვკითხულობთ ინფორმაციაში.