„არის ქსელები, რომლებშიც სერვისის ხარჯზე აქვთ საშუალება, დაბალი ფასი დაადონ პროდუქციას“, – ამის შესახებ საერთაშორისო სადისტრიბუციო კომპანია „დიპლომატ ჯორჯიას“ წარმომადგენელმა პარლამენტში სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის რიგით მეხუთე სამუშაო შეხვედრაზე განაცხადა.
მისივე თქმით, არის შემთხვევები, როდესაც ქსელურ მაღაზიაში ერთ თანამშრომელს ბევრ სხვადასხვა პოზიციაზე უწევს მუშაობა, რის ხარჯზეც პროდუქციაზე შედარებით დაბალი ფასნამატის შენარჩუნება ხდება.
„დარწმუნებული ვარ, ყავა ღრმა ფასდაკლების დროს საქართველოში ბევრად იაფია, ვიდრე ევროპაში. შეგიძლიათ სიტყვაზე არ მენდოთ და გადაამოწმოთ ჩემი სიტყვები.
საბოლოო ჯამში, არის შემთხვევები, როდესაც თვითონ ქსელი ყიდის იმ პრინციპით, რასაც ნედ პრაისს ვეძახით. იმიტომ, რომ არის ფასზე სენსიტიური პროდუქტები და სურთ მოიზიდონ მომხმარებელი. შესაძლებელია, ჩვენს ფასდაკლებას თავისიც დაამატონ ხოლმე, ხშირად არის ასეთი შემთხვევები. „ქეშბექი“, რასაც ვიხდით, სწორედ ამ ფასდაკლებების ნაწილია. შესაძლოა, იყოს ისეთი შეთანხმებაც, რომ ჩვენ რაღაც პერიოდი „ქეშბექის“ ნაწილად გავაკეთებთ კონკრეტულ პროდუქციაზე ფასდაკლებას. არ მინდა ისე გაიგოთ, რომ „ქეშბექი“ სრულად მიდის რითეილის ჯიბეში. შესაძლოა, ფასდაკლებები აკეთონ „ქეშბექის“ ხარჯზე და არის ისეთი შემთხვევებიც, როდესაც ფასდაკლებებს აკეთებენ საკუთარი მოგების ხარჯზეც.
სტანდარტულ ფასებზე ქსელი იღებს გადაწყვეტილებას. საბოლოო გასაყიდ ფასზე ჩვენ ზემოქმედების საშუალება არ გვაქვს. მაქსიმუმ, სარეკომენდაციო ფასები არსებობს. შესაძლოა, ვუთხრათ კიდეც, მაგრამ გაითვალისწინებენ თუ არა, ჩვენ ამაზე რაიმე ბერკეტი არ გაგვაჩნია.
ფასნამატი მეტია თუ ნაკლები, ეს ქსელის სიდიდეზე დამოკიდებული არ არის. ეს უფრო დამოკიდებულია იმაზე, რა არის მათი პოლიტიკა და მოდელი. ისიც ძალიან მნიშვნელოვანია, რა ტიპის ასორტიმენტი აქვთ. ასევე, რა ტიპის მოდელი აქვთ შიგნით, სერვისის დონეზე. მაგალითად, არის ქსელები, სადაც მხოლოდ ერთი ადამიანი მუშაობს, მოლარეც და დამხმარეც ის არის. ასეთ დროს, სერვისის ხარჯზე აქვთ საშუალება, დაბალი ფასი დაადონ პროდუქციას. მომხმარებელიც ამაზე თვალს ხუჭავს იმიტომ, რომ შედარებით დაბალია ფასნამატი,“ – აცხადებს კომპანიის წარმომადგენელი.
დღეს პარლამენტში სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის რიგით მეხუთე სამუშაო სხდომა იმართება. ამჯერად შეხვედრაში მონაწილეობას იღებენ მსხვილი სადისტრიბუციო კომპანიების წარმომადგენლები, რომელთა მონაწილეობით ბაზრის სტრუქტურის, ფასწარმოქმნის ჯაჭვის და სექტორის საოპერაციო პროცესების განხილვა მიმდინარეობს.










