„დროული გადაწყვეტილებით და კოორდინირებული მოქმედებით ახალშობილი ბინაზე დაიბადა. ჯვარის რაიონული სამსახურის მე-10 ბრიგადა გამოძახებიდან ბრუნდებოდა, როდესაც ახალი გამოძახება მიიღეს ლოზუნგით “კვებითი ინტოქსიკაცია“.
ექიმი მარინა ჩაგანავა იხსენებს, რომ საჭიროდ ჩათვალა ზარის ინიციატორთან დაკავშირება. მასთან საუბრისას გაირკვა, რომ პაციენტი ორსულად იყო, ხოლო ზარის ინიციატორი კი დედა გახლდათ. ბრიგადის მძღოლმა, რომელსაც სასწრაფო დახმარების სამსახურში მუშაობის 30 წლიანი გამოცდილება ჰქონდა, ბრიგადა მაქსიმალურად სწრაფად და უსაფრთხოდ მიიყვანა ადგილზე.
ახალგაზრდა ქალს სამშობიარო ტკივილები დაწყებული ჰქონდა. ბრიგადის წევრებმა მყისიერად შეაფასეს მისი მდგომარეობა და ვინაიდან ჰოსპიტალიზაციისთვის საჭირო დრო აღარ იყო, გადაწყვიტეს, მშობიარობა ადგილზე, საცხოვრებელ ბინაში მიეღოთ. მოკლე დროში ფიზიოლოგიური მშობიარობით ჯანმრთელი ბიჭი დაიბადა, რომელმაც დაბადებისთანავე წამოიტირა.
მარინა ჩაგანავა უკვე მე -10 წელია სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმად მუშაობს. მისთვის ეს ექსტრემალურ პირობებში მიღებული მეორე მშობიარობაა, ხოლო ექთნისთვის მეექვსე. მარინა ექიმის თქმით, ახალგაზრდა დედას გაუმართლა, რადგან ამ მნიშვნელოვან მომენტში მასთან ამ მიმართულებით გამოცდილი ბრიგადა იმყოფებოდა.
ასეთ შემთხვევებში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს, როგორც ეკიპაჟის პროფესიონალიზმი, ასევე ავტომობილის აღჭურვილობაში არსებული სამეანო ნაკრები. სწორედ აღნიშნული აღჭურვილობის გამოყენებით მოხდა დედისა და ჩვილის პირველადი მოვლა და დახმარება.
ვიდრე ბრიგადის წევრები ახალ სიცოცხლესთან შესახვედრად ემზადებოდნენ, ეზო გულშემატკივრებით გაივსო.
ბავშვის დაბადების შემდეგ მათ ეკიპაჟის წევრებს მადლობა გამოუცხადეს. ახალგაზრდა ქალისთვის ეს პირველი მშობიარობა გახლდათ. დედა და ჩვილი შემდგომი მეთვალყურეობის მიზნით ერთ-ერთ კლინიკაში იქნენ გადაყვანილნი“,- ინფორმაციას ფეისბუქ გვერდი ”შენი სიცოცხლის გადასარჩენად” ავრცელებს.










