“გუშინ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ძალიან მძიმე და შემაშფოთებელი ფაქტის მომსწრე გავხდი.
ბათუმის მიმართულებით მიმავალ ავტობუსში ჩასხდომის შემდეგ, სანამ ავტობუსი დაიძვრებოდა, მძღოლი, ახალგაზრდა კაცი ეცრად ცუდად გახდა. ადგილზე მყოფმა ადამიანებმა დაუყოვნებლივ დაიწყეს დახმარება. შემთხვევითი გამვლელები, პოლიციელები და აეროპორტის ექიმები ერთად, თავდაუზოგავად და უწყვეტად უტარებდნენ გულის მასაჟს.
მაგრამ სასწრაფო დახმარების ჯგუფის მოსვლას დაახლოებით 30 წუთი დასჭირდა.
ამ დროის განმავლობაში ადამიანები საკუთარი ძალებით ცდილობდნენ ადამიანის სიცოცხლის შენარჩუნებას აეროპორტში, საერთაშორისო აეროპორტში, სადაც ყოველდღიურად ათასობით მგზავრი გადაადგილდება.
და აქ ჩნდება სრულიად ლოგიკური და მძიმე კითხვა:
რატომ არ არის საერთაშორისო აეროპორტში მუდმივად მორიგე სასწრაფო დახმარების ჯგუფი?
რატომ უნდა ელოდოს სასწრაფოს მოსვლას ნახევარი საათი ადგილი, რომელიც წარმოადგენს ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ სატრანსპორტო კვანძს?
როგორ შეიძლება ადგილზე რამდენიმე პოლიციის ეკიპაჟის არსებობა და ამავე დროს არც ერთი სასწრაფო დახმარების ჯგუფი?
როგორც იქ მომუშავეებმა თქვეს, წინა დღესაც იყო შემთხვევა, როდესაც მგზავრს დასჭირდა გადაუდებელი დახმარება და მაშინაც სასწრაფოს დაგვიანებით მოუწია მოსვლა.
არ ვიცი, დროულად მოსვლას შეცვლიდა თუ არა შედეგს. მაგრამ ერთი რამ ცხადია, ასეთი მასშტაბის ობიექტზე გადაუდებელი სამედიცინო დახმარების მყისიერი ხელმისაწვდომობა არ უნდა იყოს კითხვის ნიშნის ქვეშ.
ეს არ არის არავის ბრალდება, ეს არის მოქალაქის სრულიად სამართლიანი კითხვა.
იმედი მაქვს, ეს კითხვა მიაღწევს იმ ადამიანებამდე, ვისაც შეუძლია მსგავსი კრიტიკული საკითხების გადახედვა და შეცვლა.
რადგან ასეთ დროს ყოველი წუთი გადამწყვეტია.
წერს ნინო ავლანია ფეისბუქ ჯგუფში