ახალშობილი, რომელიც დედამ, კლინიკა „მედინას“ საპირფარეშოში მარტომ გააჩინა, ისევ რეანიმაციაშია.
როგორც კლინიკაში „ბათუმელებს“ უთხრეს, დღეს ჩაატარეს კონსილიუმი სპეციალისტებთან თბილისში და დაგეგმილია რამდენიმე ოპერაციის ჩატარება.
„უმძიმესი მდგომარეობაა. ახლა გვქონდა ჩართვა თბილისში წამყვან სპეციალისტებთან, რამდენიმე სპეციალისტი ჩამოვა, მაგრამ მდგომარეობა არის ძალიან მძიმე, თერმოდინამიკას წამლებით ვიჭერთ“-ამბობს კლინიკა „მედინას“ დირექტორი, ჯუმბერ უნგიაძე „ბათუმელებთან“.
მისი თქმით, ახალშობილს რამდენიმე ოპერაცია უნდა ჩაუტარდეს, ეტაპობრივად.
„ახლა გვქონდა კონსილიუმი საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსთან და ვცდილობთ გამოვნახოთ ყველა გზა, რომ ახალშობილი გამოვიყვანოთ ამ მდგომარეობიდან“ – ამბობს ჯუმბერ უნგიაძე.
მისი თქმით, ახალშობილის დედაც კლინიკაში რჩება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
ბათუმში, კლინიკა „მედინას“ თანამშრომელმა ფარულად იმშობიარა ტუალეტში და ახალშობილს, სავარაუდოდ, დაზიანებები მიაყენა.
შემთხვევა გუშინ, 22 თებერვალს გახდა ცნობილი.
ჯუმბერ უნგიაძის თქმით, ბავშვის დედა რეანიმაციის განყოფილებაში, სანიტრის პოზიციაზე მუშაობდა.
შს სამინისტროს ცნობით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 19-109-ე მუხლის თანახმად, რაც ახალშობილის განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.










