საქართველოს მთავრობამ შრომით იმიგრანტსა და თვითდასაქმებულ უცხოელზე შრომითი საქმიანობის უფლების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ დადგენილება გამოსცა.
დადგენილება, რომელსაც პრემიერი-მინისტრი ირაკლი კობახიძე აწერს ხელს, 20 თებერვლით თარიღდება.
დადგენილება 2026 წლის 1 მარტიდან ამოქმედდება.
დადგენილება განსაზღვრავს შრომით იმიგრანტსა და თვითდასაქმებულ უცხოელზე შრომითი საქმიანობის უფლების გაცემის წესს; შრომითი საქმიანობის უფლებას; შრომითი საქმიანობის უფლების გაცემის პირობებს; შრომითი საქმიანობის უფლების გასაცემად საჭირო ინფორმაცია და დოკუმენტაციას; შრომითი საქმიანობის უფლების გაცემის პროცედურებს; ასევე, შრომითი საქმიანობის უფლების გაცემაზე/გაგრძელებაზე უარის თქმის საფუძვლებს; ასევე, განისაზღვრება შრომითი საქმიანობის უფლების პირობების დაცვაზე მონიტორინგი და კონტროლი.
დადგენილებით განსაზღვრულია, იმ პროფესიებისა და შრომითი/სამეწარმეო საქმიანობების ჩამონათვალი, რომლებზეც დაწესებულია წლიური კვოტები.
“„შრომითი მიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ე1“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამ დანართით განისაზღვრება იმ პროფესიებისა და შრომითი/სამეწარმეო საქმიანობების ჩამონათვალი, რომლებზეც კალენდარული წლის განმალობაში შრომითი საქმიანობის უფლება გაიცემა ამავე დანართის მე-2 პუნქტში განსაზღვრული კვოტების ოდენობის შესაბამისად.
წლიური კვოტები წესდება შემდეგ პროფესიებსა და შრომით/სამეწარმეო საქმიანობებზე:
ა) შრომით/სამეწარმეო საქმიანობაზე, რომელიც უკავშირდება საკურიერო მომსახურებას, წლიური კვოტაა – 0;
ბ) შრომით/სამეწარმეო საქმიანობაზე, რომელიც დაკავშირებულია მგზავრების გადაყვანასთან, წლიური კვოტაა – 0;
გ) შრომით/სამეწარმეო საქმიანობაზე, რომელიც დაკავშირებულია ტურისტებისთვის გიდების სერვისის მიწოდებასთან, წლიური კვოტაა – 0;
დ) შრომით/სამეწარმეო საქმიანობაზე, რომელიც დაკავშირებულია ტურისტებისთვის სამთო, ალპური და სათხილამურო გამყოლების სერვისის მიწოდებასთან, წლიური კვოტა – 200.
ამ დანართის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული კვოტები არ ვრცელდება ამ წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებზე”, – ნათქვამია დოკუმენტში.










