პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მოსახლეობის საყოველთაო აღწერის მონაცემების თანახმად, საქართველოში მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეების მაქსიმალური რაოდენობა 257 ათასს შეადგენს. მისივე ინფორმაციით, აღნიშნულ რაოდენობაში მათ შორის არალეგალი მიგრანტები შედიან.
როგორც კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, „საქსტატი“ 25 ივნისს დაზუსტებულ სტატისტიკას გამოაქვეყნებს.
“საქსტატის მონაცემების მიხედვით, საქართველოს მოსახლეობა არის 3 მილიონ 914 ათასი ადამიანი. აქედან მაქსიმუმ 257 ათასი უცხოელია. “საქსტატის” ეს მონაცემები დაზუსტებული არ არის და დაზუსტებული მონაცემები 25 ივნისს გამოქვეყნდება. მოსალოდნელია, რომ ეს მაჩვენებელი შემცირდება, გამომდინარე იქიდან, რომ არის გარკვეული ბუნდოვანება.
საქართველოში მიგრაციას რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი განაპირობებს. პირველი არის ის, რომ საქართველო ტურისტული ქვეყანაა და ასეთ პირობებში მიგრაციული პროცესების მართვა რთულია. უცხოელებისთვის ასევე გახსნილია განათლების სისტემა და დღეს საქართველოში 37 ათასი უცხოელი სტუდენტი სწავლობს. მესამე მნიშვნელოვანი ფაქტორი არის შრომითი მიგრაცია. საქართველოში ბევრი მიმართულებით სამუშაო ძალის დეფიციტია და რომ არა უცხოელი მუშახელი არაერთი პროექტის გაჩერება იქნებოდა აუცილებელი, რადგან ბაზარზე არ არის ქართველი მუშა-ხელი, რომელიც შესაბამის სფეროში იქნებოდა დასაქმებული. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია არალეგალური მიგრაცია, რაზეც განსაკუთრებული ძალისხმევაა საჭირო“ – განაცხადა კობახიძემ პარლამენტის სხდომაზე.
პარლამენტში ირაკლი კობახიძის მოსმენა ინტერპელაციის ფორმატში მიმდინარეობს.
კობახიძე პარლამენტში ფრაქცია “ქართულმა ოცნებამ“ მიგრაციის საკითხებთან დაკავშირებით მიიწვია.










