ნარკოტიკული დანაშაული არის ნამდვილი სენი, რომელიც პრობლემაა ქვეყნისთვის და ის შედეგები, რომლებიც გვაქვს გასული თვეების განმავლობაში, ნამდვილად გვაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს, რომ გვექნება ხელშესახები, დადებითი ცვლილებები ამ მიმართულებით,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, ინტერპელაციის წესით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა შინაგან საქმეთა მინისტრს, გელა გელაძეს საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.
„შედეგები არის ნამდვილად შთამბეჭდავი სხვადასხვა მიმართულებით. ეს ეხება, მათ შორის, ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლას, ნარკოტიკულ დანაშაულთან ბრძოლას და დღესაც 97 პირი იქნა დაკავებული სწორედ ორგანიზებული დანაშაულის ბრალდებით, ნარკოტიკული დანაშაულის ბრალდებით. განსაკუთრებით ნარკოტიკული დანაშაული არის ნამდვილი სენი, რომელიც პრობლემაა ქვეყნისთვის და ის შედეგები, რომლებიც გვაქვს გასული თვეების განმავლობაში, ნამდვილად გვაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს, რომ გვექნება ხელშესახები, დადებითი ცვლილებები ამ მიმართულებით. კიდევ ერთხელ, მადლობა შინაგან საქმეთა მინისტრს გაწეული საქმიანობისთვის“, – განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი კობახიძემ აქვე აღნიშნა, რომ მიგრაციის მიმართულებითაც შინაგან საქმეთა სამინისტროს ბოლო დროინდელი შედეგები არის შთამბეჭდავი.
„ძალიან მნიშვნელოვანია ის საქმიანობა, რომელსაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო სხვადასხვა მიმართულებით ახორციელებს, მიგრაციაც არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება,“- განაცხადა კობახიძემ.










