მისი განმარტებით, რეგულაცია ეხება იმ მოქალაქეებს, რომლებიც პირადი გამოყენებისთვის ავტომობილის შემოყვანასა და რეგისტრაციას გეგმავენ. ახალი წესის თანახმად, 1-ელი აპრილიდან ქვეყანაში დასარეგისტრირებელი მსუბუქი ავტომობილი უნდა აკმაყოფილებდეს ორ ძირითად მოთხოვნას – არ უნდა იყოს 6 წელზე მეტი ასაკის და უნდა შეესაბამებოდეს ევრო 5-ის ემისიის სტანდარტს. ევრო 5 სტანდარტი საქართველოში უკვე ორი წელია მოქმედებს და განსაზღვრავს ავტომობილის გამონაბოლქვის დასაშვებ ნორმებს.
„მოქალაქეები, რომლებმაც ავტომობილი უკვე შეიძინეს და 1-ელ აპრილამდე დაიწყებენ მის ტრანსპორტირებას, რეგისტრაციას ჩვეულებრივად შეძლებენ, მათ შორის 1-ელი აპრილის შემდეგაც, შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემთხვევაში. თუ ტრანსპორტირების დაწყების დამადასტურებელი დოკუმენტი ვერ იქნება წარმოდგენილი, ავტომობილის ქვეყანაში შემოყვანა შესაძლებელი იქნება, თუმცა მისი რეგისტრაცია ვერ განხორციელდება”, – განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.
ცნობისთვის, მთავრობა მიმდინარე წლის 1-ლი აპრილიდან 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილების შემოყვანაზე აკრძალვის დაწესებას გეგმავს. პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძეს განცხადებით, საკანონმდებლო პაკეტი უკვე შემუშავებულია და პარლამენტსაც წარედგინა.










