თბილისში მომხდარ ავარიას, ბაღდათის, სოფელ როკითის მკვიდრი 21 წლის ზაზა ვაშაყმაძის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ავარიას სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს მსუბუქი და სატვირთო ავტომობილი შეეჯახნენ. თვითმხილველების თქმით, მსუბუქი ავტომობილის მძღოლი გასწრებას ცდილობდა და ამ დროს ტრაილერს შეეჯახა.
“დიდი უბედურება დაგვატყდა თავს. ზაზა 21 წლის იყო. გამორჩეული… ჩვენი თვალებციმციმა ბიჭი ზაზუკა აღარ გვყავს. ელიავაზე მუშაობდა. ღამის ცვლიდან მოდიოდნენ, ფონიჭალაში ცხოვრობდა. ძმაკაცს უთქვამს, გზამდე გაგიყვანო და ჩაუჯდა მას მანქანაში და დაგვღუპა. მისი მეგობარი იჯდა საჭესთან.
სიჩქარის და სიცივის ეშინოდა. ძალიან თბილი და კეთილი ბიჭი იყო. ყველანი განადგურებულები ვართ. ეს არ უნდა მომხდარიყო. საოცრად მზრუნველ ოჯახში გაზრდილი ბიჭია. მართლა კარგი შვილი. ბებიამ გაზარდა. დედამისი თურქეთში მუშაობდა, სალონში . ახლახანს ააშენეს კერძო სახლი და ბედნიერად ცხოვრობდნენ. ახლა ამ საშინელი რეალობის წინაშე ვართ”, -ამბობს კვირის პალიტრასთან საუბარში გარდაცვლილი ბიჭის ახლობელი.










