ვახტანგ გომელაური გულისხმობდა, რომ 2009 წელს არის სხვადასხვა ნივთიერებები შესყიდული, უბრალოდ, გაგიცრუვდათ იმედები და ეს არ არის „კამიტი“ – გავეცანი ყველა დოკუმენტაციას და დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ შსს-ს ე.წ. კამიტი არასდროს შეუსყიდია, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, გელა გელაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისივე თქმით, BBC-ის ინფორმაცია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გასულ წელს, აქციების ჩასახშობად „კამიტი“ გამოიყენა, სიცრუეა.
„გავრცელებული ბრალდება, რომელიც შეეხება შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან აქციის მონაწილეების წინააღმდეგ აკრძალული ნივთიერების, ე.წ. კამიტის გამოყენებას, არის სრული აბსურდი, სიცრუე, სიმართლეს არ შეესაბამება. მე პირადად გავეცანი ყველა დოკუმენტაციას, ყველა შესყიდვას, რომელიც კი განხორციელებულა ამ მიმართულებით და სრული პასუხისმგებლობით და დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არასდროს შეუსყიდია ე.წ. კამიტი. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაიწყო გამოძიება. რა თქმა უნდა, დაინიშნება ყველა შესაბამისი ექსპერტიზა, გამოიკითხება ყველა ადამიანი და გაეცემა კითხვებს პასუხი. ბატონი ვახტანგი გულისხმობდა, რომ 2009 წელს არის სხვადასხვა ნივთიერებები შესყიდული, უბრალოდ გაგიცრუვდათ იმედები და ეს არ არის “კამიტი”,“ – განაცხადა გელაძემ.
შეგახსენებთ, BBC-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მათ მიერ შეგროვებული მტკიცებულებები მიუთითებს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გასულ წელს მთავრობის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციების ჩასახშობად პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენა.
როგორც BBC-ი წერს, „საქართველოს მთავრობის მიერ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერების წინააღმდეგ მებრძოლი დემონსტრანტები სხვადასხვა სიმპტომებს უჩიოდნენ მათ შორის თვალების წვას, ქოშინს, ხველასა და ღებინებას, რომელიც კვირების განმავლობაში გაგრძელდა“.
BBC-ის ცნობითვე, ესაუბრნენ World Service-ი ქიმიური იარაღის ექსპერტებს, საქართველოს სპეცრაზმის წარმომადგენლებსა და ექიმებს და აღმოაჩინეს, რომ „მტკიცებულებები მიუთითებს იმ აგენტის გამოყენებაზე, რომელსაც საფრანგეთის სამხედროებმა „კამიტი“ უწოდეს“.
შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვახტანგ გომელაური კი აცხადებს, რომ BBC-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში დასახელებული ნივთიერებები „ნამდვილად ჰქონდა შეძენილი შინაგან საქმეთა სამინისტროს და იყენებდა, ოღონდ 2012 წლამდე“. ვახტანგ გომელაურის კომენტარს „იმედი“ ციტირებს.
ყოფილი მინისტრის მტკიცებით, ბოლო შეძენა მოხდა 2009 თუ 2010 წელს, მას შემდეგ შსს-ს ის არ შეუძენია და გამოუყენებია, ხოლო „ნაცებმა კატა გამოთხარეს“.










