პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა სამი ოპოზიციური პარტიის აკრძალვასთან დაკავშირებულ საკონსტიტუციო სარჩელზე პარლამენტის წევრების ხელმოწერების ნამდვილობა დაადასტურა.
საკონსტიტუციო სასამართლოში წარსადგენ სარჩელს „ქართული ოცნების“, „ხალხის ძალის“ და „ევროპელი სოციალისტების“ 88 დეპუტატი აწერს ხელს.
არსებული ინფორმაციით, სარჩელი სასამართლოში შესაძლოა დღესვე გაიგზავნოს.
საკონსტიტუციო სარჩელზე ხელმომწერი დეპუტატები სამი ოპოზიციური პარტიის: – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“; „ლელო – ძლიერი საქართველოს“ და „კოალიცია ცვლილებისთვის“ არაკონსტიტუციურად ცნობას და აკრძალვას მოითხოვენ.
ამასთან, როგორც 28 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, საკონსტიტუციო სარჩელის ფარგლებში კონკრეტული პოლიტიკოსებისთვის პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვა მოთხოვნილი არ არის.










