უნგრეთის მოსახლეობის უმრავლესობა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას მხარს არ უჭერს – ჩვენ უკრაინასთან სტრატეგიული შეთანხმება გვჭირდება, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა კოპენჰაგენში, ევროკავშირის ლიდერების სამიტის დაწყების წინ განაცხადა.
ვიქტორ ორბანი მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, ანტონიო კოშტამ ინიციატივა წამოაყენა, რომელიც უკრაინასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნას ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების კვალიფიციური უმრავლესობის თანხმობით და არა მხოლოდ ერთხმად ითვალისწინებს.
„მოლაპარაკებების გახსნისთვის სამართლებრივი და მკაფიოდ დადგენილი პროცედურა არსებობს, რომელიც უნდა დავიცვათ. ეს ერთსულოვან გადაწყვეტილებებს ნიშნავს“, – განაცხადა ორბანმა.
მისი თქმით, უკრაინამ ევროკავშირთან სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება უნდა გააფორმოს, თუმცა ევროკავშირის წევრობა მისთვის „ზედმეტია “.
„სტრატეგიული შეთანხმება კარგია. უკრაინა გმირული ქვეყანაა და ჩვენ მას მხარი უნდა დავუჭიროთ, ეს ეჭვგარეშეა. წევრობა ზედმეტია. ჩვენ მხოლოდ სტრატეგიული შეთანხმება გვჭირდება. უნგრეთში ამ საკითხზე რეფერენდუმი ჩატარდა. ასე რომ, ეს ჩემი პოლიტიკური პოზიცია არ არის, რომ ჩვენ უკრაინის გაწევრიანებას მხარს არ ვუჭერთ. ეს უნგრელი ხალხის გადაწყვეტილებაა“, – აღნიშნა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა.