კოალიციის ოთხივე ლიდერი ციხეში ვართ, ჩვენი საბა (სხვიტარიძე) მთლად წამების მსხვერპლია და ისიც ზის. ახლა გელა ხასაიაც. კი არ გვეზარება ან გვეშინია, მაგრამ ვინმე დაგვიტოვეთ გარეთ, „ქოცებო“, რა ვიცი, ამბის მომტანი რომ გვყავდეს მაინც, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებების“ ლიდერი, პატიმრობაში მყოფი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს, რითაც პარტია „გირჩი-მეტი თავისუფლების“ წევრის, გელა ხასაიას დაკავებას ეხმაურება.
როგორც გვარამია წერს, ოლიგარქია უნდა დაემხოს.
„გელა ხასაია გალელი ბიჭია, ნახევრად აფხაზი. სულ რამდენიმე წლის წინ გადმოვიდა სოხუმიდან ენგურის ხიდის გავლით საქართველოში. ქართულად მოლაპარაკე გელა უბრალოდ არ დააყენეს სოხუმში, სწავლის და განვითარების საშუალება არ მისცეს და ბოლოს უსაფრთხოების პრობლემები შეუქმნეს. თინეიჯერი იყო აქ რომ დაიწყო დამკვიდრება. არავინ იცოდა, თვითონაც არავის იცნობდა, ძალიან უჭირდა. დამკვიდრდა. ძალიან გაიზარდა ცოდნითაც და პიროვნულადაც. მე რომ მკითხო, ერთ-ერთი საუკეთესო სპიკერია ახალგაზრდა პოლიტიკოსებში და მარტო ზურა და „გირჩი“ კი არა, მთელი კოალიცია ვამაყობთ, რომ გელა გვყავს – გულანთებული ქართველი პატრიოტი, ერთადერთი ეთნიკური აფხაზი ქართულ პოლიტიკაში (ბოდიში თუ გამომრჩა ვინმე, უბრალოდ არ მახსენდება) და უშიშარი და დაუღალავი აქტივისტი.
აი, ეს გელა დააკავა წუხელ რეჟიმმა და ზუსტად ყველაფერი იმისთვის, რაც ზემოთ დავწერე.
თავისუფლება გელას!
თავისუფლება ყველა პოლიტიკურ და სინდისის პატიმარს! ოლიგარქია უნდა დაემხოს!
p.s. კოალიციის ოთხივე ლიდერი ციხეში ვართ, ჩვენი საბა (სხვიტარიძე) მთლად წამების მსხვერპლია და ისიც ზის. აგერ ახლა გელაც. კი არ გვეზარება ან გვეშინია, მაგრამ ვინმე დაგვიტოვეთ გარეთ, „ქოცებო“. რა ვიცი, ამბის მომტანი რომ გვყავდეს მაინც“, – წერს გვარამია.
ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტრომ „გირჩი – მეტი თავისუფლების“ წევრი გელა ხასაია ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ბრალდებით დააკავა უწყების ცნობით, მასთან ერთად დაკავებულია კიდევ ერთი პირი.
შსს-ს განცხადებით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1975 წელს დაბადებულ რ.ჩ-ს ჯანმრთელობის სხვადასხვა სახის დაზიანებები მიაყენეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. დაშავებული კლინიკაშია გადაყვანილი.