კომპანია B.P. TRANS- ის მფლობელსა და ვანის საკრებულოში „ქართული ოცნების“ დეპუტატს, საქართველოს ფარგლებს გარეთ მყოფ ბიჭიკო პაიკიძეს, ამავე კომპანიის დირექტორს, ვალერიან კვარაცხელიას და კიდევ 4 პირს – იოსებ ჭანჭალეიშვილს, როინ ფოფხაძეს, გიორგი კვახაძე და ირაკლი გალოგრეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ არსენ კალატოზიშვილმა მიიღო.
დღევანდელ სასამართლო სხდომაზე დაკავებულებისა და ბიჭიკო პაიკიძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელეს.
სახელმწიფო ბრალდება ბრალდებულების მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის გამოყენებას მოითხოვდა, დაცვის მხარე კი გირაოს გამოყენებას შუამდგომლობდა.
პროკურორ ბექა ხუნაშვილის განმარტებით, წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით დასტურდება ბრალდებულების მხრიდან ბრალად შერაცხული ქმედება.
პროკურორის განმარტებით, „ბრალდებულების მხრიდან დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების საფრთხე არსებობს, ბრალდებულების თავისუფლებაში ყოფნა გამოძიებას ხელს შეუშლის, ვინაიდან შესაძლოა, მოწმეებზე ზემოქმედება მოახდინონ და მტკიცებულებები გაანადგურონ“.
ბექა ხუნაშვილის განცხადებით, სრულად არის შესასწავლი ბიჭიკო პაიკიძისა და დანარჩენი ბრალდებულების საქმიანობა, ასევე ის, თუ რამდენად მრავალჯერადი ხასიათი ჰქონდა თაღლითურად თანხის დაუფლებასა და აღნიშნულში დახმარებას.
ამასთან, პროკურორის თქმით, პაიკიძისთვის ცნობილი იყო, მის წინააღმდეგ მიმდინარეობდა გამოძიება, რის შემდეგაც მან საქართველოს ტერიტორია დატოვა და საგამოძიებო უწყებაში გამოცხადებას თავი აარიდა.
ადვოკატები პროკურატურის შუამდგომლობას არ დაეთანხმნენ. უფლებადამცველები ბრალდებულების სხვადასხვა ოდენობით 5 000, 50 000, 100 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდნენ.
უფრო კონკრეტულად, გიორგი კვახაძის ადვოკატი თამაზ კვახაძე დაკავებულის 5 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა. ადვოკატის თქმით, ბრალის ფორმულირება არასწორია. მისივე განმარტებით, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ გასცა დასკვნა, რის საფუძველზეც ტენდერის ფინანსური მხარის კორექტირება მოხდა.
ვალერიან კვარაცხელიას ადვოკატი თეონა გვაზავა დაკავებულის 50 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა. ადვოკატმა მოსამართლეს გირაოსთან ერთად სხვა შემზღუდავი ღონისძიებების გამოყენებაც შესთავაზა.
იოსებ ჭანჭალეიშვილის ადვოკატმა შოთა მანელიძემ სასამართლოს მისი დაცვის ქვეშ მყოფის 5 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლება და ელექტრონული მონიტორინგის დაწესება იშუამდგომლა.
ირაკლი გალოგრეს ადვოკატი მისი დაცვის ქვეშ მყოფის 5 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა, როინ ფოფხაძის ადვოკატი კი დაკავებულის მიმართ 5 000-ლარიან გირაოსა და დამატებითი შემზღუდავი ღონისძიებების გამოყენებას შუამდგომლობდა.
რაც შეეხება ბიჭიკო პაიკიძეს, მისი ადვოკატის, ირმა ჭკადუას თქმით, საგამოძიებო ორგანომ პაიკიძეს პასპორტი გაუუქმა, მას საქართველოში ჩამოსვლის სურვილი აქვს, თუმცა, ამის შესაძლებლობას მოკლებულია.
მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა ბრალდების მხარესთან აღნიშნული ინფორმაცია გადაამოწმა, რასაც ბექა ხუნაშვილმა სიცრუე უწოდა და აღნიშნა, რომ ის სავარაუდოდ, ესპანეთში ან პორტუგალიაში აპირებდა გადასვლას, რათა გამოძიებას უკეთესად მიმალვოდა.
პროკურორის თქმითვე, პაიკიძეს ვალიდური პასპორტი გააჩნია, მან აღნიშნული პასპორტით დატოვა ქვეყანა და შეუძლია ქვეყანაში ამავე პასპორტით დაბრუნდეს.
ჭკადუამ ბიჭიკო პაიკიძის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვება იშუამდგომლა, სასამართლოს კი ალტერნატივის სახით 100 000-ლარიანი გირაოს გამოყენება შესთავაზა.
დაკავებულ 5 პირსა და ბიჭიკო პაიკიძეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მხრიდან თაღლითობაში დახმარების და ყალბი ოფიციალური დოკუმენტაციის დამზადება-გამოყენების ფაქტებზე ბრალდება გუშინ წარუდგინეს.
ცნობისთვის, ბრალდებულებს 2021 წლის ივნისიდან 2022 წლის სექტემბრის ჩათვლით განხორციელებულ ქმედებებს ედავებიან. კერძოდ, სახელმწიფო ტენდერის შესრულების პროცესში, ქუთაისი-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის მონაკვეთისა და ონის მუნიციპალიტეტის არეალში სტიქიის შედეგად დაზიანებული ცალკეული მონაკვეთების ნაპირდამცავი სამუშაოების განხორციელებისას, შპს „B.P. TRANS“-ის 100% წილის მფლობელი ბიჭიკო პაიკიძე, ამავე კომპანიის დირექტორის ვალერიან კვარაცხელიას და კომპანიის თანამშრომლის, იოსებ ჭანჭალეიშვილის დახმარებით, აგრეთვე ტენდერის შესრულებაზე კონტროლის განმახორციელებელი საზოგადოების მენეჯერების – როინ ფოფხაძის, გიორგი კვახაძისა და ირაკლი გალოგრეს დახმარებით, ყალბი ოფიციალური დოკუმენტაციის შედგენა-გამოყენების გზით, მოტყუებით დაეუფლა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს კუთვნილ თანხას – 4 184 249 ლარს, რამაც დიდი ოდენობით ზიანი გამოიწვია და არსებითად შეილახა სახელმწიფოს კანონიერი ინტერესები.
კომპანიის მფლობელს, ბიჭიკო პაიკიძეს ბრალდება დაუსწრებლად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლებასა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტების შედგენა-გამოყენებას გულისხმობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
კომპანიის დირექტორს ვალერიან კვარაცხელიას და კომპანიის თანამშრომელს იოსებ ჭანჭალეიშვილს, აგრეთვე ტენდერის შესრულებაზე კონტროლის განმახორციელებელი საზოგადოების მენეჯერებს – გიორგი კვახაძეს, როინ ფოფხაძესა და ირაკლი გალოგრეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით და 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც დიდი ოდენობით თანხის თაღლითობით დაუფლებაში დახმარებას გულისხმობს წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ და ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გამოყენებას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.