ესენი იყვნენ დაკომპლექსებული ადამიანები, მოკაცო ქალები და მოქალო კაცები, ამ კომპლექსებს ანთხევდნენ ამ ბილწსიტყვაობით, – ასე შეაფასა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მელიქიშვილის გამზირზე,”ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის შტაბთან მომხდარი დაპირისპირება.
როგორც კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ქალზე ძალადობის მხოლოდ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა და აღნიშნული პირი უკვე დააკავეს.
„არიან კონკრეტული ძალები და ტელევიზიები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ შტაბი მივიდა „ნაც“ „ტიტუშკებთან“, ანუ, ჩვენი შტაბი ადგა, წამოდგა ფეხზე და მივიდა „ნაც“ „ტიტუშკებთან“. სინამდვილეში რა მოხდა- „ნაცი“ „ტიტუშკები“ და „ნაცი“ „ორკები“ მივიდნენ ჩვენს საარჩევნო შტაბთან, იგინებოდნენ, ბილწსიტყვაობდნენ, უბინძურესი სიტყვებით საუბრობდნენ ქალიან-კაციანად. ესენი იყვნენ დაკომპლექსებული ადამიანები, მოკაცო ქალები და მოქალო კაცები, ამ კომპლექსებს ანთხევდნენ ამ ბილწსიტყვაობით. არ შეიძლება, როცა ქალი ასე ბილწსიტყვაობს. ნებისმიერი ქალის მიმართ ძალადობა, თუნდაც მას არ ჰქონდეს ქალის სახე და თუნდაც ბილწსიტყვაობდეს, არის დასაგმობი და მეორე, გუშინ დააკავეს შესაბამისი პირი, რომელმაც ქალზე იძალადა. ერთი შემთხვევა იყო, როდესაც ქალზე იყო ფიზიკური შეხება და ეს ადამიანი არის დაკავებული. ამიტომ, არა მარტო ვგმობთ, არამედ ზომებსაც იღებს ხელისუფლება“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ამასთან, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ქვეყანა ყველა მიმართულებით ვითარდება და ოპოზიცია “პროვოკაციას ვერ ეღირსება”.
„პროვოკაციებს აქვს ერთი მარტივი მიზეზი, რამენაირად დაბრკოლებები შეუქმნას ქვეყნის განვითარებას, თუმცა ვერ ეღირსებიან ამას. ხედავთ, რომ ყველაფერი ვითარდება: ეკონომიკაც, ქვეყანაც, სოფლებიც. ყველაფერი ვითარდება და რა თქმა უნდა, ისინი თავიანთ მიზნებს ვერ მიაღწევენ. გარე დაკვეთის მთავარი ამოცანა არის ის, რომ ქვეყანას რამენაირად მცირე შეფერხდება მაინც შეუქმნან, თუმცა, ამას ვერ მიაღწევენ“, – განაცხადა კობახიძემ.