საქართველო ერთ დროს აშშ-ის მთავარი პარტნიორი და კავკასიაში თავისუფლების შუქურა იყო. დღეს მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ ქვეყანას რუსეთის ორბიტაზე აბრუნებს და ჩინეთთან და აშშ-ის სხვა მეტოქეებთან ურთიერთობებს აღრმავებს, – ამის შესახებ საუბარია ,,ჰელსინკის კომისიის” განცხადებაში, რომელსაც ისინი საქართველოსთან მიმართებით აქვეყნებენ.
განცხადების მიხედვით, მმართველმა პარტიამ ქვეყანაში დაასუსტა ინსტიტუციები და ძირი გამოუთხარა სუვერენიტეტს.
,,ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს ინსტიტუტები დაასუსტა და ძირი გამოუთხარა საქართველოს სუვერენიტეტს ჩინური ინვესტიციების მოზიდვით, ამავდროულად კი, აშშ-ის კომპანიებისთვის შუა დერეფნის ვაჭრობასა და ცენტრალური აზიის იშვიათ მინერალებზე წვდომის დაბლოკვით. მათ დაიჭირეს ოპოზიციის წარმომადგენლები, გამოიყენეს ძალადობა მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ და უარი თქვეს ძალაუფლების დათმობაზე არჩევნების შემდეგ, რომელიც არალეგიტიმურად ფართოდ იქნა აღიარებული. ეს რეგიონში აშშ-ის ინტერესებს დაუყოვნებელ და სერიოზულ საფრთხეს უქმნის“, – ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, ჰელსინკის კომისია მოსმენას, სახელწოდებით – „პარტნიორიდან პრობლემამდე: საქართველოს ანტიამერიკული გადახვევა“ – 10 სექტემბერს გამართავს. მოსმწნას სავარაუდოდ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი და ყოფილი თავდაცვის მინისტრი, თინა ხიდაშელი დაესწრებიან.










