„მე-17 დღე.
წყლის ძალა მოგცეს ღმერთმაო, მართლა საოცარი ძალა ჰქონია წყალს.წესით გუშინ ყაზბეგის მარათონის 35-კილომეტრიანი ფინიშის ხაზი უნდა გადამეკვეთა, მაგრამ გეგმები შემიცვალე და შიმშილობის მარათონის მონაწილე აღმოვჩნდი. ესეც არანაკლები გამოწვევაა.მხოლოდ თავისუფლების უსამართლოდ აღკვეთისადმი შეუგუებლობა ამ გზის გავლას ვერ შემაძლებინებდა, რუსთაველზე დგომაში ჩამოყალიბებულმა დისციპლინამ მომახერხებინა ეს.რუსთაველის პროტესტიდან გამოყოლილი ენერგია აქაც მაძლიერებს, იქ შეკრებილი ხალხის თვალებში დანახული სიმართლე მაძლიერებს, საქართველოს თავისუფლების მოპოვებისა და შენარჩუნებისთვის დაცემული გმირების ხსოვნისადმი პასუხისმგებლობა მაძლიერებს.ნოემბერი დეკემბერში ფორმიანი სადისტების მიერ მშვიდობიანი დემონსტრანტების დალეწვით გამოწვეული ბრაზი მაძლიერებს. თვალში ჩაღვრილი ჰემატომის გამო ფიზიკური ტკივილი არ განმიცდია, მაშინ გული მეტკინა, რომ სამართალდამცველის მანტიამოსხმული ქართველი მისი თანამემამულის სისხლის ნადირივით დალევას ცდილობდა.ხვალ და ზეგ ბიჭების დასკვნითი პროცესებია. როგორც არ უნდა ეცადოს რეჟიმმა ამ ბიჭების სიმართლის სისხლის სამართლის კოდექსის მუხლების კონკრეტული ციფრების აწონა მათი სამშობლოსადმი სიყვარულს ვერაფერი გააუფერულებს.გარეთ ყოფნისას მუდმივად მოლოდინი მქონდა ციხეში მყოფი ჩვენი ბიჭების მხრიდან დაძახებული სოლიდარობის ხმა გამეგო იმ პატიმრის მიმართ, რომლის შესახებაც რეჟიმმა რუსული სპეცსამსახურების დახმარებით ტყუილ-მართალი ერთმანეთში აურია, მტრის ხატი შექმნა.მიზანმიმართულმა პროპაგანდამ ისეთი სტიგმად აქცია მისი პერსონა, რომ დღესაც ბევრი პროტესტის მონაწილე კეთროვანივით ერიდება მისი სახელის ხსენებას. ახლა თვითონვე ავასრულებ სურვილს და მე როგორც პატიმარი, სოლიდარობას ვუცხადებ და თავისუფლებას ვუსურვებ საქართველოს მესამე პრეზიდენტს.
სანამ ყველა არ გავერთიანდებით ერთის წინააღმდეგ, მანამდე ძალა არ გვეყოფა გასამარჯვებლად. ყოველი ჩვენი აქტივობა და მოქმედება დარჩება წინააღმდეგობის გაწევის მორიგ უშედეგო მცდელობად, გამარჯვების გარეშე”.
თბილისის საქალაქო სასამართლომ რუსთაველის გამზირზე ჯგუფურად განხორციელებული ძალადობის ფაქტზე დაკავებულებს – თორნიკე თოშხუას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
რუსთაველის გამზირზე ინციდენტი 31 ივლისს მოხდა, პოლიციამ კი ინციდენტში მონაწილე პირები – თორნიკე თოშხუა და მინდია შერვაშიძე 16 აგვისტოს, სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავა. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ძალადობა, ჩადენილი ჯგუფურად) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.










