სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებელი შალვა ალავერდაშვილი აცხადებს, რომ ბოლო 6 დღის განმავლობაში, კორონავირუსის გამო, სასტუმროებს ჯავშნების 90%-მდე გაუუქმდათ.
როგორც ალავერდაშვილმა „ინტერპრესნიუსთან” საუბრისას აღნიშნა, კორონავირუსის გამო ყველაზე დიდი პრობლემა სასტუმროებს შეექმნათ, განსაკუთრებით ცუდი მდგომარეობა კი თბილისშია.
„ყველაზე დიდი დარტყმა ჩვენ მივიღეთ. ბოლო 6 დღის განმავლობაში მარტი – აპრილის თვეების ჯავშნების 80-90% გაუქმდა, რაც ნიშნავს, რომ ინდუსტრია თითქმის გაბანკროტების ზღვარზეა. კორონავირუსი გლობალური პრობლემაა და არავისი ბრალი არაა, უბრალოდ ახლა სიტუაციიდან გამოსავალი უნდა მოვიფიქროთ, რომ მინიმუმ თანამშრომლების გათავისუფლება არ დაგვჭირდეს“, – აღნიშნავს ალავერდაშვილი.
მისივე თქმით, გარდა თანამშრომლების შესაძლო შემცირების საკითხისა, პრობლემაა ბანკებთან ურთიერთობა და შექმნილი ვითარების ფონზე სესხების დაფარვა, ასევე ქონების გადასახადის გადახდა.