მივმართავ მშობლებს, მოიკითხეთ თქვენი შვილები, სად არიან, ვინ ამზადებს და რისთვის, თორემ მერე გვიან იქნება – შარშანაც ვაფრთხილებდით მშობლებს, თუმცა შედეგად მივიღეთ მშობლები, რომლებიც დგანან გარეთ, ტირიან და მოთქვამენ – ნუ აიძულებთ სახელმწიფოს, რომ თქვენს შვილებზეც ანალოგიური რეაგირება მოახდინოს, – ამის შესახებ პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც გამოეხმაურა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ „ლიეტუვაში, დიდი ბრიტანეთი ქართველ აქტივისტებს ოქტომბრის არჩევნებისთვის ამზადებს“.
მისივე თქმით, „ოპოზიციის პატრონები“ უტიფრად იყენებენ ახალგაზრდებს, რომ გააბრიყვონ და შემდეგ ძალადობისკენ უბიძგონ.
ზარქუამ ახალგაზრდების მშობლებს მოუწოდა, დაიცვან საკუთარი შვილები და „ოპოზიციის პატრონებს“ მათი გამოყენების უფლება არ მისცენ.
„ცნობილი ხდება, რომ თურმე, ამ უსამშობლოების პატრონები აფინანსებენ ევროპულ ქვეყნებში ჩვენს ახალგაზრდებს, რომ მორიგ ჯერზე გააყოფინონ თავი დანაშაულში, შეცდომაში შეიყვანონ და ეს ახალგაზრდები გამოიყენონ თავიანთი ინტერესებისთვის, რათა აქ ქაოსი და არეულობა იყოს. ამჯერად, ინფორმაცია გულისხმობს, რომ თურმე, ლიეტუვაში ფინანსდება ბრიტანეთის საელჩოს მხრიდან და ჩვენი ახალგაზრდების გადამზადება ხდება, ისევ ქუჩის აქციებისთვის, სახელმწიფო უწყებებზე შტურმისთვის, პოლიციასთან შეტაკებისთვის. ჩვენ ამის შესახებ არა ერთხელ გავაფრთხილეთ მშობლები, ნუ გამოაყენებინებთ თქვენს შვილებს ამ უსამშობლოებს. ახლაც მოგმართავთ მშობლებო, მოიკითხეთ თქვენი შვილები. ისინი იტყუებიან, თითქოსდა, მათ ცოდნას აძლევენ, სინამდვილეში, ამ საფარქვეშ ამზადებენ მოძალადეებს. ნუ გამოაყენებინებთ თავს, დაიცავით თქვენი შვილები. ჩვენ გასულ წელს ვაფრთხილებდით მშობლებს და მივიღეთ შედეგი – მშობლები, რომლებიც დგანან გარეთ, ტირიან და მოთქვამენ. არავის გვიხარია როდესაც მათი შვილები, ეს ახალგაზრდები, ჩვენი მოქალაქეები ასეთ დღეში არიან, მაგრამ არის სახელმწიფო, კანონმდებლობა და სახელმწიფო ვალდებულია, რეაგირება მოახდინოს. ნუ აიძულებთ სახელმწიფოს, რომ თქვენს შვილებზეც ანალოგიური რეაგირება მოახდინოს. გამორიცხულია, აქ რევოლუცია არ განხორციელდება, ამის საფუძველი არ არსებობს, მაგრამ ამ უსამშობლოების პატრონები უტიფრად იყენებენ თქვენ შვილებს, რომ ახალგაზრდები გააბრიყვონ და შემდეგ ძალადობისკენ უბიძგონ. ნუ დაუშვებთ ამას. მოიკითხეთ თქვენი შვილები, სად არიან, ვინ ამზადებს და რისთვის, მერე გვიან იქნება,“ – განაცხადა ზარქუამ.