ჭიათურაში მაღაროელების პროტესტი გრძელდება – არსებული ინფორმაციით, ამ დროისთვის, შვიდი ადამიანი შიმშილობს.
ინფორმაციას სოციალურ ქსელში ერთ-ერთი “მაღაროელი” ავრცელებს. მისივე ცნობით, პროტესტის უკიდურეს ფორმას დღეს კიდევ ორმა მაღაროელმა მიმართა, სამს კი პირი აქვს ამოკერილი.
“დღეს პროტესტის 124-ე და შიმშილობის 13-ე დღეა. შიმშილობა და პროტესტი გაგრძელდება მანამ, სანამ პირში სული გვექნება.
პროტესტის მთავარი მიზეზი და ერთადერთი მოთხოვნაა ჩვენი უსამართლოდ დაკავებული ოთხი თანამებრძოლის გათავისუფლება.
დღეს უკიდურესი ფორმის პროტესტს კიდევ ორი მოშიმშილე შეუერთდა — ამჟამად შიმშილობს შვიდი ადამიანი, ხოლო სამ მათგანს პირი აქვს ამოკერილი – მირზა ლოლაძე, გოგა აბესაძე, შავლეგ გოგსაძე.
შიმშილობენ: ტარიელ მიქაცაძე, სიმონ მიქაცაძე, ჯანო ლაბაძე, მერაბ სარალიძე (ციხეში).
ასე ხდება, როდესაც უსამართლობას ვერ სჯაბნი — იძულებული ხარ, საკუთარი ჯანმრთელობით გარისკო.
შეგახსენებთ, რომ მოშიმშილეები უარს აცხადებენ სასწრაფო დახმარების გამოძახებაზე და თავიანთი ჯანმრთელობის მონიტორინგზე.
თავისუფლება და სოლიდარობა ბიჭებს!”, – წერს მაღაროელი.
მაღაროელებმა შიმშილობა მას შემდეგ განაახლეს, რაც პირობა, რომელიც დაკავებულების გათავიუფლების შესახებ მიიღეს, არ შესრულდა.
12 ივნისს ქუთაისის საქალაქო სასამართლომ დაკავებულ 4 მაღაროელს – მერაბ სარალიძეს, არჩილ ჭუმბურიძეს, გიორგი ნეფარიძესა და თენგიზ გველესიანს აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გირაოთი არ შეუცვალა და მათი წინასწარი პატიმრობა ძალაში დატოვა.
4 მაღაროელი 2025 წლის 28 აპრილს ჭიათურის პროტესტის მონაწილეებსა და შუქრუთის მაღაროს დირექტორს შორის მომხდარი დაპირისპირების შემდეგ დააკავეს.