,,სავსებით რეალურია, 2028 წელს საშუალო ხელფასმა ქვეყანაში 3 500 ლარს მიაღწიოს,“ – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში სამთავრობო პროგრამის შესრულების შესახებ საუბრისას განაცხადა.
„მინდა შეგახსენოთ, როგორია ჩვენი მიზნები 2028 წლისთვის. ჩვენი მიზანია, მაქსიმუმ 4%-მდე შემცირდეს უმუშევრობის დონე ჩვენს ქვეყანაში. ამისათვის, გვინდა შევქმნათ დამატებით 200 ათასი სამუშაო ადგილი. იმ ტემპის მიხედვით, რაც გვაქვს აღებული, სავსებით რეალურია 4 წლის თავზე ამ შედეგის მიღწევა.
ეკონიომიკური ზრდა მოსახლეობის საშუალო ხელფასის ზრდაზე აისახა. 2025 წლის 1-ლი კვარტალის მონაცემებით, საშუალო ხელფასმა 2170 ლარი შეადგინა. მინდა შეგახსენოთ, რა მდგომარეობა დაგვხვდა 2012 წელს – მაშინ საშუალო ხელფასი შეადგენდა 712.50 ლარს. შესაბამისად, ამ პერიოდის განმავლობაში სამჯერ გავზარდეთ საშუალო ხელფასი.
გვაქვს ამბიციური მიზანი 2028 წლისთვის. გვინდა, რომ საშუალო ხელფასმა მიაღწიოს 3500 ლარს მიაღწიოს. არსებული ტემპების გათვალისწინებით ეს არის სავსებით რეალური,“ – განაცხადა კობახიძემ.