აშშ-ში დააკავეს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც მძიმე კრიმინალური წარსული აქვს და დანაშაულები, მათ შორის, ამერიკაშიც აქვს ჩადენილი. ინფორმაციას ამერიკის შეერთებული შტატების სასაზღვრო პატრული ავრცელებს.
ბრუკლინში (ნიუ-იორკი) მდებარე აშშ-ის იმიგრაციისა და მიგრაციის სამსახურის (ICE) დაწესებულებაში ამჟამად იმყოფება საქართველოს მოქალაქე, რომლის შესახებაც ამერიკის სასაზღვრო პატრულის (USBP) მიერ მოპოვებულმა მნიშვნელოვანმა მტკიცებულებებმა აჩვენა, რომ იგი საზოგადოებრივი უსაფრთხოებისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს.
დაკავებული მამაკაცი ქვეყანაში 2023 წელს შემოვიდა და თავშესაფარი მოითხოვა, მიზეზად კი სიცოცხლისთვის საშიშ გარემოს ასახელებდა. თუმცა, გამოძიების შედეგად გაირკვა, რომ იგი, სავარაუდოდ, ცდილობდა გაქცევას მძიმე კრიმინალური წარსულისგან.
გავრცელებული ცნობებით, მას ბრალი აქვს წარსულში წაყენებული:
კრიმინალური დაჯგუფების ხელმძღვანელობა,
ადამიანებით ვაჭრობა საბერძნეთ-თურქეთის საზღვარზე,
25-წლიანი სასჯელიდან 9 წლის მოხდა,
თანამშრომლობა რუსეთის უშიშროების სამსახურთან (კგბ).
აშშ-ში ყოფნის პირველი შვიდი თვის განმავლობაში, მასზე უკვე აღრიცხულია ორი სამართალდარღვევა:
2024 წლის თებერვალში წვრილმანი ქურდობა,
იმავე თვეში – მოპარული ნივთების ფლობა.
ICE-ის წარმომადგენლების განცხადებით, მამაკაცის მიმართ ამჟამად მიმდინარეობს დეპორტაციის პროცედურა,- ნათქვამია ინფორმაციაში.