მოიქეცით ისე, როგორც სინდისი გიკარნახებთ, – ასე მიმართა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელმა, მზია ამაღლობელმა სასამართლო პროცესზე მოსამართლე, ნინო სახელაშვილს. მზია ამაღლობელის განცხადებით, მოსამართლე პოლიტიკური ზეწოლის ქვეშ იმყოფება. დღევანდელ პროცესზე მზია ამაღლობელმა აღნიშნა, რომ სინდისის პატიმრებს სოლიდარობას უცხადებს.
„სიმართლე გითხრათ, ფორმალობაა ეს ყველაფერი. სხდომიდან სხდომამდე ისე ვითარდება ქვეყანაში პროცესები, რომ ჩემს პატიმრობაზე მსჯელობა კი არა, ყოველდღე ზუსტად იმ მოტივით, რა მოტივითაც მე ამ პატიმრობაში ვარ, აკავებენ სტუდენტებს, მარტოხელა დედაც კი დააკავეს. ჩემი სოლიდარობა სინდისის პატიმრებს. სიმართლე გითხრათ, სასჯელის მოლოდინში ვარ და ალბათ, მათე დევიძეს რომ მიუსაჯეს, იმაზე მეტის მოლოდინში, იმიტომ კი არა, რომ ვიმსახურებ, არამედ იმიტომ, რომ ასეთი პოლიტიკური ზეწოლის ქვეშ ხართ და არ მგონია მოსამართლეობა იმიტომ გინდოდათ, რომ რეჟიმის და ოლიგარქის ხელისუფლებას ემსახუროთ. მოიქეცით ისე, როგორც სინდისი გიკარნახებთ“, – განაცხადა მზია ამაღლობელმა.