2025 წელი მგზავრთნაკადების კლებით დაიწყო ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით იანვარში ქუთაისის აეროპორტი 127 665 მგზავრს მოემსახურა, რაც 16%-ით ნაკლებია 2024 წლის იანვრის მაჩვენებელზე.
აღსანიშნავია, რომ 2022 წლიდან პირველი იანვარია, როდესაც აეროპორტში მგზავრთნაკადის კლება დაფიქსირდა.
მგზავრთნაკადების რაოდენობა გაიზარდა თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში.
იანვარში თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრების რაოდენობა წლიურად 20%-ით გაიზარდა, ეს კი იმას ნიშნავს, რომ აეროპორტმა 343 740 მგზავრი მიიღო. 36%-იანი ზრდაა 2019 წლის იანვართან შედარებითაც.
წლიურად მკვეთრი – 96%-იანი ზრდა აჩვენა ბათუმის აეროპორტში მგზავრების რაოდენობამ. იანვარში ზღვისპირა ქალაქის აეროპორტი 57 129 მგზავრს მოემსახურა.
იანვარში საქართველოს საერთაშორისო აეროპორტების მგზავრთნაკადი 13%-ით გაიზარდა.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით, 2025 წლის პირველ თვეში საქართველოს აეროპორტები რეგულარული და არარეგულარული რეისებით ჯამში 530 546 მგზავრს მოემსახურა, რაც 13%-ით მეტია 2024 წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებთან შედარებით. პანდემიამდელ 2019 წელთან შედარებით კი აეროპორტებში მგზავრების რაოდენობა 63%-ით არის გაზრდილი.