სომხეთის პრემიერის ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, ოფიციალური ერევანი მზადაა, შავი ზღვის ელექტრონული წყალქვეშა კაბელის განვითარებაში მიიღოს მონაწილეობა. როგორც მან სომხეთსა და საქართველოს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ აღნიშნა, სომხეთი ყველაფერს გააკეთებს, იმისათვის, რომ ფართო რეგიონული თანამშრომლობის მიმართულებით ურთიერთობა გაძლიერდეს.
„ხაზი გავუსვი იმ პროექტს, რომელიც შემოგვთავაზეს ჩვენი მთავრობის წევრებმა. ეს არის მშვიდობის გზაჯვარედინი და საქართველოს ჩართულობით და რეგიონში ყველა ქვეყნის მონაწილეობით მნიშვნელოვანი იქნება. რაც შეეხება ფართო რეგიონულ თანამშრომლობას, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, იმისათვის, რომ ამ მიმართულებით განვავითაროთ ურთიერთობა. ჩვენ მზად ვართ, შავი ზღვის ელექტრონული წყალქვეშა კაბელის განვითარებაში მივიღოთ მონაწილეობა. ჩვენ მშვიდობა და სტაბილურობა არ მიგვიღია მოცემულობად, ჩვენ არსებულ მდგომარეობას რეალობად ვუყურებთ. ჩემს კოლეგას ვესაუბრე ამ საკითხზე, სომხეთ-აზერბაიჯანის ნორმალიზაციის პროცესზე და ხაზი გავუსვი იმას, რომ სომხეთმა კონკრეტული გამოსავლის გზები შესთავაზა აზერბაიჯანს და ჩვენ ველით, რომ სტრატეგიული პასუხიც მოვა აზერბაიჯანიდან“, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.
ცნობისთვის, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი ითვალისწინებს მაღალი ძაბვის წყალქვეშა გადამცემი ქსელის მოწყობას, რომელმაც ერთმანეთთან უნდა დააკავშიროს საქართველოსა და ევროპის ელექტროენერგეტიკული სისტემები. კერძოდ, 1155 კილომეტრი სიგრძის კაბელი რუმინეთს დაუკავშირდება. შავი ზღვის კაბელის შესახებ მემორანდუმი 2022 წლის 17 დეკემბერს გაფორმდა და მის ხელმომწერებს შორის არიან: საქართველო, აზერბაიჯანი, უნგრეთი და რუმინეთი. პროექტის კონცეფციის მიხედვით, აზერბაიჯანი და საქართველო ელექტროენერგიის მიმწოდებლები, ხოლო რუმინეთი და უნგრეთი მომხმარებლები იქნებიან.










