50 წლამდე ქალს სასამართლომ უვადო პატიმრობა მიუსაჯა არასრულწლოვანი, უსინათლო შვილის გაუპატიურების ხელშეწყობის გამო. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოში ამ ბრალდებით დედა დააკავეს და დამნაშავედ ცნეს და უვადო პატიმრობა მიუსაჯეს.
ქალი დანაშაულს არ აღიარებს. პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოშია გასაჩივრებული, სადაც საქმის განხილვა ჯერ არ დასრულებულა.
მოსამართლემ გადაწყვეტილების დასაბუთებისას, ხაზი გაუსვა იმ გარემოებებს, რომ ბავშვის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული იყო წინასწარი შეცნობით, რადგან ის იყო არასრულწლოვანი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და დანაშაული ხდებოდა სახლში:
„არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მნიშვნელოვანი განმარტება, რომლის მიხედვითაც, დამამძიმებელ გარემოებად არის მიჩნეული ბავშვების წინააღმდეგ ოჯახში ჩადენილი დანაშაულები, რადგან სასამართლო მსჯელობს, რომ ეს არის ადგილი, სადაც ბავშვი ყველაზე დაცულად და უსაფრთხოდ უნდა გრძნობდეს თავს და როდესაც ამ ტიპის დანაშაულები ხდება ოჯახში, ბავშვი განსაკუთრებულად დაუცველია“.
12 წლამდე ბავშვის სისტემატური გაუპატიურების საქმეზე სასჯელს იხდის 35 წლამდე კაციც, ბავშვის მამობილი, რომელსაც სასამართლომ 19 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
სასამართლო ექსპერტიზამ კაცი ნაწილობრივ შერაცხადად ცნო და, შესაბამისად, ამ დანაშაულისთვის განკუთვნილი მაქსიმალური სასჯელი, უვადო პატიმრობა სასამართლომ მის მიმართ ვეღარ გამოიყენა.
დანაშაული, რომელმაც არაერთი სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციული საქმეები გააერთიანა, რამდენიმე წელს მოიცავს და 2019 წლიდან იწყება.










