“დროა, ტყიბულმა თავისი სათქმელი თქვას!” – ტყიბულის მერიის წინ სამსახურიდან გათავისუფლებული მეშახტეების სოლიდარობის აქცია იმართება.
„დროა, ტყიბულმა თავისი სათქმელი თქვას!
ეს გადაწყვეტილება შეურაცხყოფს არა მხოლოდ მეშახტეებს, არამედ ჩვენს თავისუფლებას, ღირსებასა და მომავალს! მეშახტეები ჩვენი ქალაქის ძალაა, მათ მიმართ გამოხატული უსამართლობა ქალაქის ღალატია.
2025 წლის 3 იანვარს, 14:00 საათზე, შევიკრიბებით მერიის წინ! ჩვენი სოლიდარობით ვაჩვენებთ, რომ ტყიბული არ გაჩუმდება! ერთად ვიბრძოლოთ სამართლიანობისთვის და დავანახოთ რეჟიმს, რომ ჩვენ ხმას ვერავინ ჩაახშობს!“, – აღნიშნულია აქციის ანონსში.
შეგახსენებთ, მეშახტეების განცხადებით, მათი სამსახურიდან გათავისუფლება აზრის გამოხატვის გამო მოხდა. „საქნახშირი“ კი აცხადებს, რომ კადრები რეორგანიზაციის პროცესიდან გამომდინარე შეამცირეს.
სოლიდარობისთვის ტყიბულში დღეს მსახიობები და რეჟისორები ჩავიდნენ.










