ახალი წლის ღამეს, პროევროპული აქციის მონაწილეები, საახალწლო ღონისძიებების პარალელურად საპროტესტო აქციას გამართავენ და ქუთაისის მერიის წინ შეიკრიბებიან.
უკვე ერთ თვეზე მეტია რაც მოქალაქეები სწორედ მერიის წინ იკრიბებიან და საქართველოს ევროპული მომავლისთვის იბრძვიან.
“31 დეკემბერს, ვხვდებით აქ, ახალ წელს და ვუსურვებთ ერთმანეთს დამდეგ ახალ საპარლამენტო არჩევნებს”,- მიმართა სამოქალაქო აქტივისტმა ნუგზარ კოხრეიძემ მერიის წინ შეკრებილებს.
თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში საპროტესტო აქციები 33-ე დღეა მიმდინარეობს. დემოსტრანტები „ქართული ოცნების“ 28 ნოემბრის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ.
„ოცნების” ხელისუფლებამ გადაწყვიტა, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მის წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი.
საპროტესტო აქციების მონაწილეები ხელისუფლებას ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებაში ადანაშაულებენ, ამიტომ ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას და საპროტესტო აქციებზე დაკავებულთა გათავისუფლებას ითხოვენ.










