ალეკო ელისაშვილის საქმის პროკურორი ზვიად გუბელაძე განმარტავს, რატომ მიმართა პროკურატურამ სასამართლოს ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის შეცვლის შუამდგომლობით.
როგორც გუბელაძე აღნიშნავს, ელისაშვილის მხრიდან მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის საფრთხეების ინტენსივობა შემცირებულია, რის გამოც, მისი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შუამდგომლობა დააყენეს.
„დღევანდელ სასამართლო სხდომაზე სასამართლომ განიხილა პროკურორის შუამდგომლობა ბრალდებულის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გირაოთი შეცვლის თაობაზე. ბრალდების მხარემ მიზანშეწონილად მიიჩნია, რომ დღეის მდგომარეობით, ამ ეტაპზე საჭირო არ იყო აღკვეთის ღონისძიების სახით ყველაზე მკაცრი ღონისძიების – პატიმრობის გამოყენება, ვინაიდან ნაკლები აღკვეთის ღონისძიება – გირაო უზრუნველყოფდა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ მიზნებს, ამიტომ ჩვენ შუამდგომლობა დავაყენეთ, სასამართლომ გაიზიარა, დააკმაყოფილა და ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული იქნა გირაო 4000 ლარის ოდენობით.
აღკვეთის ღონისძიების მიზნებია ბრალდებული გამოცხადდეს, ხელი არ შეუშალოს მართლმსაჯულების განხორციელებას, მოწმეებზე ზემოქმედება არ მოახდინოს, არ მიიმალოს და ა.შ. პატიმრობის შემთხვევაშიც და გირაოს შემთხვევაშიც, საფრთხეები ერთი და იგივეა. უბრალოდ, შესაძლებელია, ამ საფრთხეების ინტენსივობა შემცირდეს, ისეთი მაღალი საფრთხე აღარ იყოს და ამით იხელმძღვანელოს პროკურორმა და შუამდგომლობა დააყენოს. პირველ შემთხვევაშიც გაიზიარა სასამართლომ ბრალდების მხარის პოზიცია და დღევანდელ სასამართლო სხდომაზეც სასამართლომ მიიჩნია, რომ ჩვენი შუამდგომლობა დასაბუთებული იყო“, – განაცხადა გუბელაძემ.
ცნობისთვის, ალეკო ელისაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა 4000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ შეეცვალა.
ალეკო ელისაშვილი სხდომათა დარბაზიდან გათავისუფლდა.
დღევანდელ სხდომაზე დაკავებულის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის შეცვლის საკითხზე იმსჯელეს. აღნიშნული შუამდგომლობით სასამართლოს თავად პროკურატურამ მიმართა.
ალეკო ელისაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ადამიანის დევნა პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ჩადენილი ძალადობით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შემთხვევა 2 დეკემბერს მოხდა. პროკურატურის ინფორმაციით, ალეკო ელისაშვილმა თბილისში, კოსტავას ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის თავმჯდომარეს და პარტია „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ ერთ-ერთ დამფუძნებელს, ალი ბაბაევს პოლიტიკური ნიშნით სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.