ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული მსახიობი გიორგი ნაკაშიძე სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, ნინო ენუქიძის გადაწყვეტილებით, გიორგი ნაკაშიძეს 2000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა. აღნიშნული გადაწყვეტილებით მოსამართლემ ადმინისტრაციული წარმოება შეწყვიტა წვრილმან ხულიგნობაზე და ის გაამართლა, თუმცა, სამარღალდამრღვევად ცნო პოლიციელის დაუმორჩილებლობაზე.
დღევანდელ სხდომაზე ორი პოლიციელი და მსახიობი, რეჟისორი ზურა გეწაძე დაიკითხა.
სასამართლო პროცესს ესწრებოდნენ კინოსა და თეატრის მსახიობები, რეჟისორები და ხელოვანი ადამიანები. მათ შორის, გიორგი ნაკაშიძის მხარდასაჭერად სასამართლოში იმყოფება რეჟისორი ქეთი დოლიძეც.
გიორგი ნაკაშიძე 3 დეკემბერს, რუსთაველის გამზირზე დააკავეს. მას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით გათვალისწინებული ქმედების ჩადენას ედავებოდნენ, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის დაუმორჩილებლობას გულისხმობს.