დღეს, 19 ნოემბერს, ირაკლი ჩარკვიანის დაბადების დღეა.
“მეფე” 1961 წელს დაიბადა. მან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ლიტერატურის ფაკულტეტი 1982 წელს დაამთავრა .
1990 წელს ოქსფორდის უნივერსიტეტში გაიარა თანამედროვე პოეზიის კურსი. მისი მუსიკალური მოღვაწეობა დაიწყო 1976 წელს, ჯგუფ “არიშთან” ერთად. მუსიკოსის შემდეგი ჯგუფი იყო ინდი ჟანრის კოლექტივი “ტაქსი”. მისი პირველი სოლო-დისკი, “Svan Songs” ჩაიწერა და გამოიცა 1993 წელს(გერმანია). 1997 წელს გამოიცა მუსიკოსის მეორე სტუდიური ალბომი “აფრენ”. მორიგი სტუდიური დისკი “ამო” გამოჩნდა 2001 წელს; 2004 წელს – ალბომი “სავსე”. მოგვიანებით შეგროვებული იქნა მუსიკოსის სიცოცხლეში ჩაწერილი უკანასკნელი მუსიკალური მასალა და გამოიცა მისი ბოლო სტუდიური ალბომი “ძირს მეფე“. შემდგომში მსგავსი სახით გამოჩნდა გამოუცემელი მასალის კიდევ ერთი კრებული, “თეთრი ღმერთი”. გამოქვეყნებული აქვს მოთხრობების კრებული, ლექსები. დაწერილი აქვს მუსიკა ფილმისათვის”ორფეოსის სიკვდილი”.
მუსიკოსო 2006 წელს 44 წლის ასაკში გარდაიცვალა.
გთავაზობთ ჩანაწერს, როგორ იხსენებდა გელა ჩარკვიანი ირაკლის დაბადებას.
„1961 წლის 19 ნოემბერს ბიჭი შეგვეძინა, ირაკლი. მაშებით გამოიყვანეს და პარეზის გამო პირველ დღეებში ძალიან ცუდი შესახედი იყო. ფილტვების ანთებაც დაემართა და ერთხელ მაგიდიდანაც ჩამოგვივარდა. ჯერ კიდევ მშობლებთან, კამოს 4-ში ვცხოვრობდით, თუმცა მალე, ნანას დედამ 30-იანებში დახვრეტილი მეუღლის რეაბილიტაციის საფუძველზე, ვაკეში, არაყიშვილის 8-ში მიიღო ბინა და იქ გადავედით.
მე არქიტექტორობას შევეშვი და სწავლა უცხო ენათა ინსტიტუტში განვაგრძე. ბავშვობაში დორას მიერ ნასწავლი ინგლისური გამომადგა, თუმცა გადავწყვიტე მისი ცოდნა, ასე ვთქვათ, სრულქმნილებამდე მიმეყვანა და დღეში 100 ახალ სიტყვას ვსწავლობდი. მშობლები თვეში 80 მანეთს მაძლევდნენ. დამატებით ფულს მაუდ-კამვოლის კომბინატთან და რადიოქარხანასთან არსებული თვითმოქმედი ორკესტრების ხელმძღვანელობით და მათთვის პარტიტურების წერით ვაკეთებდი. ზოგჯერ ტრიკოტაჟის ქარხნის კლუბში ცეკვებზეც ვუკრავდი. თუმცა თანდათან ინგლისურის მასწავლებლობაზე გადავედი.
ჩემი პირველი მოწაფეები მეზობელი ბავშვები – ირინა გორგაძე და და-ძმა გოგოტაძეები იყვნენ. ირაკლი იზრდებოდა და მზარდი ინტერესით უსმენდა ჩემს ფორტეპიანოზე დაკრულს. ერთხელაც თვითონ მიუჯდა მოსკოვიდან ჩამოტანილ, ყოველთვის ოდნავ აშლილ Красный Октябрь-ს და გამომიცხადა, ახლა მე დაგიკრავ იკაროსის და დედალოსის ამბავსო. თავისი პირველი კომპოზიცია ირაკლიმ დაღმავალი გლისანდოთი დაამთავრა – იკაროსი ზღვაში ჩავარდა“.