ღმერთო ჩემო, ამათ რა უხარიათ? – ტრამპის პირველი პრეზიდენტობის დროს, აშშ-ს სახელმწიფო მდივანი იყო პირველი ამერიკელი მაღალი თანამდებობის პირი, რომელმაც საჯაროდ, გვერდით მდგომ ქართელ პრემიერს თითი უქნია: – ჩინეთს და რუსეთს ნუ გადააყლაპინებთ საქართველოსო! – ამის შესახებ ორგანიზაცია “სამოქალაქო იდეის“ ხელმძღვანელი თინა ხიდაშელი სოციალურ ქსელში წერს.
თინა ხიდაშელი აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში ტრამპის გამარჯვების კონტექსტში რამდენიმე კონკრეტულ ფაქტზე ამახვილებს ყურადღებას.
“ფაქტები:
- კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში საქართველოს შესახებ აქტები ტრამპის მხარდამჭერი კონგრესმენების ინიცირებულია.
- სენატში ორპარტიულია.
- ტრამპის პირველი პრეზიდენტობის დროს, სახელმწიფო მდივანი იყო პირველი ამერიკელი მაღალი თანამდებობის პირი, რომელმაც საჯაროდ, პრესკონფერენციაზე მის გვერდით მდგომ ქართველ პრემიერს თითი უქნია – ჩინეთს და რუსეთს ნუ გადააყლაპინებთ საქართველოსო. ანაკლიას ნუ აჩუქებთ ჩინელებს და რუსებსო მოგვიწოდა!
- ჩინეთთან სტრატეგიული თანამშრომლობა, თან ამერიკის ჯინაზე და ხარჯზე როგორც ესენი იქცევიან, ტრამპის ადმინისტრაციისთვის სრულიად გაუვალი წითელი ხაზია.
- ტრამპის პირველი პრეზიდენტობის დროს მივიღეთ მრავალი წლის ნანატრი ჯაველინები და ყველაზე დიდი სამხედრო დახმარება.
- კონგრესმენი ჯო ვილსონი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც ივანიშვილის დასანქცირება მოითხოვა და მასზე ერთგული მიმდევარი პრეზიდენტ ტრამპს ძალიან ცოტა ყავს.
- ხოდა რა ვიცი, კიდევ ვკითხულობ, რა უხარიათ?“, – აცხადებს თინა ხიდაშელი.
ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგებით, პრეზიდენტობის “რესპუბლიკელმა“ კანდიდატმა დონალდ ტრამპმა “დემოკრატი“ კამალა ჰარისი დაამარცხა.