ამასთანავე, საავტომობილო გზების დეპარტამენტს მონაცემების დაზუსტება 2 თვის ვადაში დაევალა, დაზუსტებული მონაცემების გარეშე კი სააგენტო გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემის თაობაზე ვერ იმსჯელებს.
დოკუმენტების თანახმად, გზშ-სთან დაკავშირებული რამდენიმე საკითხი დასაზუსტებელია. კერძოდ, როგორც ცნობილია ადგილზე ადგილზე დაგეგმილია 11.4კმ-იანი ავტომაგისტრალის მშენებლობა, საიდანაც 7.6 კმ-ის მანძილზე გვირაბი აშენდება.
ამასთანავე, გზშ-ში მოცემულია ურთიერთსაწინააღმდეგო ინფორმაცია, მაგალითად ვკითხულობთ, რომ „ჩატარებული კვლევების და ტერიტორიის ვიზუალური დათვალიერებით ადგილზე გეოდინამიკური რისკების შემცველი მნიშვნელოვანი უბნები არ გამოვლენილა, თუმცა დაფიქსირდა რამდენიმე პრობლემატური უბანი“. ამ კუთხით სააგენტომ დეპარტამენტს მონაცემების დაზუსტება დაევალა.
გვირაბის გაყვანისას სხვადასხვა სამუშაოების შედეგად მოსალოდნელია კლდოვან ქანებზე ზემოქმედება. ამასთანავე, ქანების გამოფიტვის ქერქში მოსალოდნელია გრავიტაციული და ეროზიული პროცესების განვითარება, რისთვისაც დეპარტამენტმა შესაბამისი პრევენციის/შემარბილებელი ღონისძიებები უნდა წარმოადგინოს.
შეგახსენებთ, საპროექტო ტერიტორია 11.4 კმ-ზეა გათვლილი, საიდანაც 7.6 კმ გვირაბი იქნება. ავტობანი ბათუმის მუნიციპალიტეტის საზღვრებში, მდ. ჭოროხის მარჯვენა სანაპიროდან დაიწყება და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფ. სარფის ტერიტორიაზე, საქართველოსა და თურქეთის საზღვრის სიახლოვეს დასრულდება.
სკოპინგის ანგარიშიდან ირკვევა, რომ საავტომობილო გზის 11.4 კმ სიგრძის მონაკვეთზე დაგეგმილია კვანძის, 3 სახიდე გადასასვლელის და ორზოლიანი გვირაბის მშენებლობა. ამასთანავე, სარფის ტერიტორიაზე საავტომობილო გზის გაფართოებაც განხორციელდება.