ვიქონიოთ იმედი, რომ შეიცვლება დამოკიდებულება, ან კეთილი ინებოს ვინმემ და დაგვისახელონ, რაში სცოდავს ეს ქვეყანა, გარდა იმისა, რომ არ შედის ისეთ დაპირისპირებაში ოკუპანტ რუსეთთან, რომელიც საქართველოს საბოლოოდ გაანადგურებს როგორც ეკონომიკურად, ისე ფიზიკურად – მოგონილი უტიფრობაა, რომ რაიმე რუსული ინტერესი ტარდება საქართველოში, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, აბსოლუტური უტიფრობაა იმის თქმა, რომ საქართველომ ევროპულ კურსს გადაუხვია.
„ევროკავშირში გაწევრიანება შემდეგი ეტაპებისგან შედგება. აუცილებელია ის ურთიერთობა, რომელიც განაპირობებს თავისუფალ მიმოსვლას. მეორე არის თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი. ასოცირებული წევრები ვართ ევროკავშირის. ეს ყველაფერი დავიმსახურეთ და იმ პროგრესმა მოიტანა, რომელიც ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის კვლევაში არის დაფიქსირებული და რეიტინგით ყველა კანდიდატ ქვეყანას ვუსწრებთ. ძლივს მოგვენიჭა ეს კანდიდატობაც, მიუხედავად იმისა, რომ ყველაზე წინ ვიყავით და ევროკავშირის ქვეყნებსაც ვუსწრებდით. ახლა არის სამოქმედო გეგმაზე გადასვლა და ამის შეყოვნება ხდება. მე ვფიქრობ, ესეც დროებითია ვიდრე არ შეიცვლება დამოკიდებულება იმასთან დაკავშირებით, რომ ევროსტანდარტი არ ითვალისწინებს სიცრუეს. რა დავაშავეთ?! ანტილიბერალური კანონები მიიღესო. ანუ, ლგბტ პროპაგანდას და საქართველოში სადიზმის დაბრუნებას თუ არ ვუჭერთ მხარს, ე.ი. ჩვენ გადავუხვიეთ ევროპულ სტანდარტს? ეს აბსოლუტურად უტიფრობაა. აუცილებლად შეიცვლება ეს გარემოება, იმიტომ, რომ ძალიან ბევრი ევროპარლამენტარი უკვე გრძნობს უსამართლობას საქართველოს მიმართ და ევროპარლამენტშიც უკვე არა ერთი განცხადება მოისმინეთ საქართველოს ინტერესების მხარდასაჭერად. აქედან გამომდინარე, ვიქონიოთ იმედი, რომ შეიცვლება დამოკიდებულება, ან კეთილი ინებოს ვინმემ და დაგვისახელონ, რაში სცოდავს ეს ქვეყანა, გარდა იმისა, რომ არ შედის ისეთ დაპირისპირებაში ოკუპანტ რუსეთთან, რომელიც საქართველოს საერთოდ საბოლოოდ გაანადგურებს როგორც ეკონომიკურად, ისე ფიზიკურად. სხვა რა მიზეზი არსებობს თუ არა გამჭვირვალობის მოთხოვნა, ან ლგბტ პროპაგანდის არ დაშვება, ეს პროპაგანდის თემა არის ის, რასაც ჩვენ ვერანაირად ვიგუებთ. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ დასავლურ კურსს გადავუხვიეთ. მით უმეტეს იმას არ ნიშნავს, რომ რაიმე რუსული ინტერესი ტარდება საქართველოში. ეს მოგონილი უტიფრობაა, რომელიც ნამდვილად არ არის დამსახურებულად ნათქვამი ქართველი ხალხის მიმართ,” – განაცხადა ვოლსკიმ.