“მივმართავთ ჩვენს გულშემატკივარს, კონცერტი გაუქმებულია. საქართველოს მომავალი ევროპაშია” – ნათქვამია “მგზავრების” განცხადებაში.
დედაქალაქის მერი ამბობს, ჯგუფი “მგზავრების” მდგომარეობაში შედის და მათი გადაწყვეტილება კონცერტის გაუქმებასთან დაკავშირებით, ესმის.
ჯგუფის გარშემო ატეხილ ამბავზე კომენტარი, გიგი დედალამაზიშვილის დას, ნინი დედალამაზიშვილს ვთხოვეთ:
– ვიტყვი იმას, რომ “მგზავრებს” არც ერთ სამთავრობო ღონისძიებაში მონაწილეობა არ მიუღიათ, რაც მათი პოლიტიკის მხარდაჭერას გულისხმობს! ჯგუფს ბოლო პერიოდის განმავლობაში ამერიკაში ჰქონდა ტურნე. 9 ნოემბერს ფილარმონიაში აქვთ სოლო კონცერტი დაგეგმილი და თითქმის მთელი ნოემბერი ევროპაში ექნებათ კონცერტები. ამის შესახებ ინფორმაცია მათ სოციალურ გვერდებზე დევს და იქვეა იმ ქალაქების სიაც, სადაც გამოვლენ. ამაზე “ამერიკის ხმას“ ვრცელი სიუჟეტი ჰქონდა და ეს ინფორმაცია ნებისმიერს შეუძლია მოიძიოს.
20 ოქტომბერს დაგეგმილ მარშზე მივდივარ და პოზიცია ჯგუფსაც საკმაოდ მკაფიო აქვს, განსაკუთრებით, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ. რა თქმა უნდა, ჩვენი გზა ევროკავშირისკენაა მიმავალი და ამას ვერაფერი შეაჩერებს. ისე მოხდა, რომ ის ინფორმაცია, რომელიც გავრცელდა, მთავრობამ დააპოზიციონირა როგორც მათი მხარდამჭერი კონცერტი, თან ისეთ დღეს, როცა ყველა მარშზე წასვლას ვაპირებთ. მიხარია, რომ ჯგუფმა მიიღო სწორი გადაწყვეტილება და კონცერტი გააუქმა. როცა ქვეყანა ასეთი ეგზისტენციალური საფრთხის წინაშე დგას, ვირჩევთ ევროკავშირს და თუ რუსეთს, – მათ სწორი არჩევანი გააკეთეს. აღნიშნული მარში ხომ ერთგვარი რეფერენდუმიცაა, როცა ამდენი ხალხი იქ თავისი პოზიციის დასაფიქსირებლად გამოდის.
– ჯგუფს მერიისგან შემოთავაზება ჰქონდა, რომ აღნიშნული პარკის გახსნაზე ემღერა?
– მეტი დეტალი პროდიუსერმა იცის, მე კი შემიძლია ვთქვა, რომ ეს კონცერტი არ ჩატარდება! ვიცი, ის რომ “მგზავრები”, სადაც მთავრობის მხარდამჭერი მესიჯები უნდა იყოს გაჟღერებული, იქ მონაწილეობას არ იღებენ… როდესაც ღონისძიება მთავრობის მხარდამჭერ ღონისძიებად გადაიქცევა, ჯგუფი, რა თქმა უნდა, არა და არასდროს იქ არ იქნება.
– გაკეთდა განცხადება, რომ მათ ვერ გაუძლეს იმ ბულინგს, რაც ლიბერალური ფაშიზმის წარმომადგენლებმა მათ წინააღმდეგ მოაწყვეს…
– ეს ძალიან სასაცილოა, არ არსებობს არანაირი ლიბერალური ფაშიზმი, ამაზე კომენტარი გავაკეთე უკვე, არც გლობალური ომის პარტია არსებობს და ვერანაირ გავლენას ვერავინ შენს აზრზე ვერ მოახდენს. წარმოუდგენელი რამ არის, რაც იკადრეს და რასაც მთელი დღის განმავლობაში კადრულობენ. არანაირი ლიბერალური ფაშიზმი და გლობალური ომის პარტია არ არსებობს და ჯობია საკუთარ თავს დააბრალონ, რაც ხდება და არა სხვას.
– ამასობაში ვრცელდება ინფორმაციებიც, რომ 2021 წელს “მგზავრებს” მოსკოვში აქვთ ნამღერი…
– როდესაც დაიწყო რუსეთ-უკრაინის ომი, არც ერთი კონცერტი იქ აღარ ყოფილა. მანამდე კი, მონაწილეობდნენ… ვიტყვი მხოლოდ იმას, რომ 20 ოქტომბერს უნდა ვაჩვენოთ ის, რომ ვიყოთ რაც შეიძლება ბევრი, ვიყოთ მარშზე და დავაფიქსიროთ ჩვენი არჩევანი. ეს არის იმის დაფიქსირება, რომ ვირჩევთ ევროკავშირს, თუ ვბრუნდებით რუსეთში. რაც ბევრი ვიქნებით, ვერავინ მოგვერევა. ეს არის ჩემი გზავნილი. დიახ, 20-ში უნდა ვიყოთ ბევრნი და ჩვენი ქვეყნისთვის სწორი არჩევანი გავაკეთოთ. რეალური მშვიდობა, ღირსება, კეთილდღეობა მხოლოდ ევროკავშირთან ერთად არის შესაძლებელი.
წყარო: ამბები.ge