არჩევნებამდე ერთი კვირაა დარჩენილი და ყველა ვხედავთ, რომ არჩევნები წარიმართება აბსოლუტურად თავისუფალ და კონკურენტულ გარემოში, არაფერი არ მიანიშნებს იმაზე, რომ ამ ერთი კვირის განმავლობაში რამე შეიძლება შეიცვალოს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, ევროკავშირის ელჩის განცხადების შესახებ კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
პრემიერის თქმით, დღევანდელი მდგომარეობით, “ქართული ოცნების“ მხარდაჭერა არის დაახლოებით 60%, რაც არის მშვიდობის და ეკონომიკური წინსვლის დამსახურება.
„არჩევნებამდე ერთი კვირაა დარჩენილი და ყველა ვხედავთ, რომ არჩევნები წარიმართება აბსოლუტურად თავისუფალ და კონკურენტულ გარემოში. არაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ ამ ერთი კვირის განმავლობაში რამე შეიძლება შეიცვალოს. რაც შეეხება არჩევნების დღეს – არჩევნების დღეს გამოყენებული იქნება ელექტრონული აპარატურა, ხმების დათვლა, მანამდე ხმის მიცემა და ამომრჩეველთა რეგისტრაცია მოხდება ელექტრონული ფორმით. ანუ, არჩევნების დღესაც გამორიცხულია რაიმე მანიპულაცია. არათუ მანიპულაცია, ადამიანური შეცდომებიც კი გამოირიცხება, ისეთი აპარატურით ჩატარდება ეს არჩევნები. ასეთ ვითარებაში მსგავსი განცხადებების გაკეთების არავითარი საფუძველი არ აქვთ. როცა ამ ყველაფრის პირობებში მაინც მიდის ამაზე საუბარი, ეს შემაშფოთებელია. შეიძლება ვიღაც გაღიზიანდეს იმის გამო, რომ „ქართული ოცნება“ აიღებს დაახლოებით 60%-ს ამ არჩევნებზე და კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ წააგებს ამ არჩევნებს. შეიძლება ვიღაცას ეწყინოს, რომ კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ვერ დაბრუნდება ხელისუფლებაში, ვეღარ აწამებს ადამიანებს, ვეღარ დახოცავს ქუჩაში 150 ადამიანს, რასაც აკეთებდნენ თავის დროზე, როცა ხელისუფლებაში იყვნენ. ვეღარ მიიტაცებს ტელევიზიებს, ვეღარ გაძარცვავს ბიზნესებს, ვეღარ დაიწყებს ომს და აღარ დაკარგავს დამატებით საქართველოს ტერიტორიებს. ეს ვიღაცისთვის შეიძლება იყოს საწყენი და გამაღიზიანებელი, მაგრამ ყველა უნდა შეეგუოს ქართველი ხალხის არჩევანს. დღევანდელი მდგომარეობით, ჩვენი მხარდაჭერა არის დაახლოებით 60%, რაც არის მშვიდობის, ეკონომიკური წინსვლის დამსახურება, მათ შორის, იმის დამსახურება, რომ ამ ოპოზიციას ყველანაირი რეპუტაცია აქვს დაკარგული. ასეთ პირობებში ვიღაცას კიდევ რომ აქვს ამ კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ მოგების იმედი, ის აშკარად არასწორი მიმართულებით აზროვნებს”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.