საფრანგეთმა და მსგავსმა დასავლურმა სახელმწიფოებმა ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ყარაბაღის ოკუპაცია მარადიული ყოფილიყო, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა, ჯებრაილის მცხოვრებლებთან შეხვედრის დროს განაცხადა.
აზერბაიჯანის პრეზიდენტის თქმით, სომხეთმა დაარღვია საერთაშორისო სამართლის ყველა ნორმა და პრინციპი, დაიკავა აზერბაიჯანის მიწების დაახლოებით 20 პროცენტი, ჩაატარა ეთნიკური წმენდის პოლიტიკა, ჩაიდინა ხოჯაელის გენოციდი, გაანადგურა აზერბაიჯანის ყველა ქალაქი და სოფელი.
ალიევის განცხადებით, ეუთო-ს მინსკის ჯგუფი იყო დაკავებული ამ შემთხვევების დაფარვით, გარკვეულწილად ამართლებდა სომხურ ოკუპაციას და უბიძგებდა აზერბაიჯანს დამამცირებელი მშვიდობისკენ.
„როდესაც ჩვენ ავიმაღლეთ ჩვენი სამართლიანი ხმა ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე, გვითხრეს, რომ თქვენი სიტყვები ძალიან მკაცრია. ეს მკაცრი რიტორიკა არ აახლოებს მშვიდობას, არამედ აშორებს მას. ამ კონფლიქტს სამხედრო გადაწყვეტა არ აქვს. საფრანგეთმა და მსგავსმა დასავლურმა სახელმწიფოებმა ყველაფერი გააკეთეს ამ ოკუპაციის გასაგრძელებლად“, – განაცხადა ილჰამ ალიევმა.