ბალდის კანიონის მცველი ინდიკო ბჟალავა თავისუფალია, ინფორმაციას “ბალდის კანიონის შენარჩუნებისთვის” ავრცელებს.
“ინდიკო ბჟალავა თავისუფალია!
98 დღიანი უსამართლო პატიმრობის შემდეგ, სასამართლომ ინდიკოს წინასწარი პატიმრობა გირაოთი შეცვალა!
ეს გამარჯვება ჩვენი გრძელვადიანი ბრძოლისა და შეუპოვრობის დამსახურებაა.” – ვკითხულობთ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პოლიციამ მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ბალდის კანიონზე ტურისტული ინფრასტრუქტურის მშენებლობის ერთ-ერთი მოწინააღმდეგე, ინდიკო ბჟალავა მუქარის ბრალდებით 12 ივნისს დააკავა.
ქალი, რომელიც ინდიკო ბჟალავას სიცოცხლის მოსპობის მუქარაში ადანაშაულებს, გელა ხურცილავას მეუღლეა. გელა ხურცილავა აპრილში იმ კომპანიაში დაასაქმეს, რომელსაც ბალდის კანიონი, 40 წლით, მრავალი კანონდარღვევით აქვს გადაცემული. შეიარაღებული გელა ხურცილავა, 11 ივნისს, ძმასთან ერთად, თავს დაესხა ბალდის კანიონის მცველებს და მინდია ბჟალავას დანით 7 ჭრილობა მიაყენა. პროკურატურამ მას ბრალი განზრახ მკვლელობის მცდელობაში დასდო.










