გავრილოვის ღამის კიდევ ერთი დაზარალებულის სასარგებლოდ შსს-ს ზიანის ანაზღაურება დაევალა . თბილისის საქალაქო სასამართლომ, საქმის 4 წლიანი განხილვის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაეკისრა მოსარჩელისთვის მორალური ზიანის ანაზღაურება 50 000 ლარის ოდენობით, ასევე, შრომისუნარიანობის შემცირების გამო ყოველთვიური სარჩოს სახით 1 440 ლარის გადახდა 2019 წლის 21 ივნისიდან სიცოცხლის ბოლომდე
“საია სასამართლოში იცავდა 2019 წლის 20-21 ივნისს, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ აქციაზე დარბევის შედეგად დაზარალებული პირის ინტერესებს. მოსარჩელე, რომელიც აქციაზე მშვიდობიანად გამოხატავდა პროტესტს, აქციის მიმდინარეობისას შეეცადა ცრემლსადენი აირის გარემოცვაში მყოფი აქციის ერთ-ერთი მონაწილის დახმარებას, რა დროსაც მას რეზინის ტყვია მოხვდა მარჯვენა თვალის არეში. მხედველობის ნაწილობრივ დაკარგვის გამო მოსარჩელეს ჩაუტარდა არაერთი სამედიცინო პროცედურა. სამართალდამცავების მხრიდან ძალადობით და იარაღით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე, მოსარჩელეს სისხლის სამართლის საქმის ფარგლებშიც მიენიჭა დაზარალებულის სტატუსი. საქმეში არსებული ექსპერტიზის დასკვნებით დადგინდა, რომ დაზიანების გამო მოსარჩელეს საერთო შრომისუნარიანობა შეუმცირდა 15 %-დან 25%-მდე” -ნათქვამია საიას განცხადებაში