რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის (ყოფილი გრუ – რუსეთის სადაზვერვო სამმართველოს) მთავარი დირექტორატის 29155 სამხედრო ნაწილის თანამშრომლები, სავარაუდოდ, მოქმედებდნენ ამერიკელ დიპლომატებზე, ოფიციალურ პირებსა და დაზვერვის ოფიცრებზე საიდუმლო იარაღით, რომელიც ე.წ. „ჰავანას სინდრომს“ იწვევს, – ამ დასკვნამდე მივიდნენ The Insider-ის, ამერიკული ტელეარხ CBS News-ის გადაცემა „60 წუთის“ და გერმანული ყოველკვირეული გაზეთის, Der Spiegel-ის ჟურნალისტები, რომლებმაც ამ საკითხზე, დაახლოებით ერთწლიანი გამოძიება ჩაატარეს.
ჟურნალისტებმა რუსეთის სამხედრო დაზვერვის აგენტების მოგზაურობის შესახებ მონაცემები მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში „ჰავანას სინდრომის“ შემთხვევებთან შეადარეს და მკაფიო ურთიერთდამოკიდებულება აღმოაჩინეს.
ჟურნალისტურმა გამოძიებამ აჩვენა, რომ “ჰავანას სინდრომის” სიმპტომები ამერიკელებში გამოჩნდა იმავე პერიოდებში და იმავე ადგილებში, როდესაც და სადაც ქვედანაყოფ 29155-ის თანამშრომლები იმყოფებოდნენ.
კერძოდ, გენერალური შტაბის მთავარი დირექტორატის აგენტების გადაადგილება ევროპის მასშტაბით 2014 წელს დაემთხვა უცნაური თავდასხმების სერიას მაინის ფრანკფურტში ამერიკის საკონსულოს თანამშრომლებზე. 2016-2017 წლებში ჩინეთში, 29155 აგენტების ჯგუფის ჩაფრენის შემდეგ, ამერიკელმა დიპლომატებმა ჯანმრთელობის უცნაური პრობლემების შესახებ საუბარი დაიწყეს და 2021 წელს, საქართველოში, სადაც 29155 განყოფილების თანამშრომლები იმყოფებოდნენ, ამერიკელი დიპლომატის მეუღლეს, მინორის სინდრომი დაუდგინდა. „უცნაური დამთხვევები“ ასევე დაფიქსირდა ბელგრადსა და ჰანოიში 2021 წელს.
ჟურნალისტების ინფორმაციით, ორმა სავარაუდო მსხვერპლმა, რომლებსაც „ჰავანას სინდრომის“ სიმპტომები გამოუვლინდათ, თავდასხმების სავარაუდო მონაწილეები ფოტოებიდან ამოიცნეს: მაინის ფრანკფურტში აგენტი იეგორ გორდიენკო ჯანმრთელობის გაუარესებამდე ნახეს, თბილისში კი – ალბერტ ავერიანოვი, ქვედანაყოფის მეთაურის ანდრეი ავერიანოვის ვაჟი დააფიქსირეს.
კერძოდ, ამერიკელი დიპლომატის, თბილისში აშშ-ის საელჩოში აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ატაშეს მეუღლე იხსენებს, რომ მას შემდეგ, რაც თბილისში, დიღომში ყოფნისას თავი ცუდად იგრძნო, სახლის უსაფრთხოების კამერაში გაიხედა და შავი ფერის „მერსედესი“ და მაღალი, გამხდარი მამაკაცი დააფიქსირა. ქალმა მამაკაცსა და მის ავტომობილს ტელეფონით ფოტოები გადაუღო. მისი თქმით, მომხდარის შემდეგ აღნიშნული მამაკაცი აღარ უნახავს და მხოლოდ სამი წლის შემდეგ, როდესაც ალბერტ ავერიანოვის ფოტო აჩვენეს, ის ამოიცნო.
მედიის გამოძიებამ აღმოაჩინა მტკიცებულება, რომელიც მიუთითებს იმაზე, რომ აუხსნელი ჯანმრთელობის ინციდენტებს, რომელიც „ჰავანას სინდრომის” სახელითაცაა ცნობილი, შესაძლოა, ქვედანაყოფ 29155-ის წევრების მიერ გამოყენებული ენერგეტიკული იარაღი იწვევდა. გამოძიების მთავარ აღმოჩენებს შორის არის ის ფაქტი, რომ ქვედანაყოფის უფროსმა წევრებმა მიიღეს ჯილდოები და პოლიტიკური დაწინაურება „არალეტალური აკუსტიკური იარაღის“ შემუშავებასთან დაკავშირებული სამუშაოსთვის, ეს ტერმინი რუსულ სამხედრო-სამეცნიერო ლიტერატურაში როგორც ულტრაბგერით ასევე რადიოსიხშირეზე დაფუძნებული ენერგიის მოწყობილობების აღსაწერად გამოიყენება.
რა არის ჰავანის სინდრომი?
ჰავანას სინდრომი არის სამედიცინო ნიშნებისა და სიმპტომების ერთობლიობა, რომელიც პირველად კუბაში, შეერთებული შტატებისა და კანადის საელჩოს თანამშრომლებს 2016 წლის ბოლოს დაუდგინდათ. შემდგომში ანალოგიური ფაქტები სხვა ქვეყნებში, მათ შორის შეერთებულ შტატებში, ავსტრიაში და გერმანიაში დაფიქსირდა.
2017 წელს აშშ-ის მაშინდელმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ამ სიმპტომების გამომწვევი თავდასხმების განხორციელებაში კუბა ღიად დაადანაშაულა. შეერთებულმა შტატებმა კუბაში საელჩოს პერსონალი მინიმუმამდე შეამცირა. 2018 წელს მსგავსი პრობლემები ამერიკელ დიპლომატებს ჩინეთში დაუფიქსირდათ.
კუბაში დაზარალებული დიპლომატების შემდგომი კვლევების შედეგად, რომელიც გამოქვეყნდა ჟურნალ JAMA-ში, აღმოაჩნდა მტკიცებულება, რომ დიპლომატების ტვინზე გარკვეული ზეგავლენა განხორციელდა, რის შედეგად ტვინი დაზიანდა, მაგრამ დაზიანებების ზუსტი მიზეზები უცნობია. მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს ექსპერტის კონსენსუსი სიმპტომების გამომწვევ მიზეზზე, JAMA კვლევის თანაავტორმა მიიჩნია, რომ მიკროტალღური იარაღი ამ ფენომენის „მთავარი ეჭვმიტანილია“. აშშ-ის მეცნიერებათა, საინჟინრო და მედიცინის ეროვნული აკადემიის ექსპერტთა კომიტეტმა 2020 წლის დეკემბერში გამოაქვეყნა დასკვნა, რომ მიკროტალღური ენერგია (კონკრეტულად, მიმართული იმპულსური RF ენერგია), როგორც ჩანს, ეს ამ დაზიანებების ძირითადი მიზეზია.
აშშ-ის სადაზვერვო სამსახურებში არ არსებობს კონსენსუსი და ოფიციალური პოზიცია ჰავანას სინდრომის მიზეზზე, მაგრამ არსებობს ეჭვი, რომ ამ ფაქტებზე რუსეთის სამხედრო დაზვერვა (GRU) არის პასუხისმგებელი.










