აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა იორდანიაში ამერიკელი სამხედროების დაღუპვასთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაში დადო პირობა, რომ ყველა, ვინც ამ თავდასხმაში იყო ჩართული, პასუხს აგებს.
“სამი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე, რომლებიც დავკარგეთ, იყვნენ პატრიოტები, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. მათ მიერ გაღებული უდიდესი მსხვერპლი ჩვენს ერს არასდროს დაავიწყდება. ჩვენ, ყველას ერთად, გვაქვს წმინდა ვალდებულება მათი ოჯახების მიმართ. ჩვენ ვეცდებით ვიყოთ მათი ღირსებისა და სიმამაცის ღირსი. გავაგრძელებთ მათ მონდომებას ტერორიზმთან ბრძოლაში და ეჭვი არ შეგეპაროთ, ყველას ვაგებინებთ პასუხს ჩვენს მიერ შერჩეულ დროსა და გზებით”. – თქვა ბაიდენმა განცხადებაში.
ამას გარდა, თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა აღნიშნა, რომ ამერიკულ ძალებზე თავდასხმებს არ მოითმენენ.
“მე და პრეზიდენტი არ მოვითმენთ ამერიკულ ძალებზე თავდასხმებს და მივიღებთ ყველა საჭირო ზომას აშშ-ს, ჩვენი ძალებისა და ჩვენი ინტერესების დასაცავად”. – თქვა აშშ-ს უწყების მეთაურმა.










