როგორც მოგეხსენებათ, პოლიტიკური საქმიანობა არ არის ჩემს ხასიათში. ყველას ახსოვს, რომ ჯერ კიდევ 2012 წლის არჩევნებამდე გავუზიარე საზოგადოებას ჩემი განზრახვა, რომ არჩევნებში გამარჯვებიდან ძალიან მალე დავტოვებდი პოლიტიკას. მაშინ ეს ბევრისთვის დაუჯერებელი იყო. თუმცა, ისიც გახსოვთ, რომ 2013 წლის ბოლოს სიტყვა შევასრულე, მივიღე მსოფლიო პოლიტიკის ისტორიაში უპრეცედენტო გადაწყვეტილება და პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დაკავებიდან ერთ წელიწადში, საკუთარი ნებით დავტოვე მთავრობის მეთაურის პოსტი.
ამით იმის შეხსენება მინდა, რომ პოლიტიკაში თანამდებობისთვის არ მოვსულვარ. პოლიტიკაში შესვლის გადაწყვეტილება მივიღე რწმენით, რომ სწორედ ჩემი ეს ნაბიჯი წაადგებოდა მაშინ ყველაზე მეტად ქვეყნისა და ხალხის ინტერესებს. პოლიტიკიდან კი ერთ წელიწადში იმ რწმენით გავედი, რომ მისია სრულად მქონდა შესრულებული და დამნაშავეებს ხელისუფლებაში დაბრუნების ამბიცია აღარასდროს გაუჩნდებოდათ. თუმცა, როგორც შემდგომ გაირკვა, დანაშაულებრივ პოლიტიკურ სისტემას იმაზე ღრმად ჰქონდა გადგმული ფესვები, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანდა.
პირველად 2018 წელს მომიწია პოლიტიკაში შემობრუნება. ამ გადაწყვეტილების მიზეზების შეხსენებით თავს აღარ შეგაწყენთ. გავიხსენებ მხოლოდ ევროკავშირის ყოფილი ელჩის სიტყვებს. ელჩმა, რომელთანაც ოჯახებით ვმეგობრობდი, მითხრა: რომ არ დაბრუნებულიყავი, ერთი თვე და მმართველი პარტიიდან არაფერი დარჩებოდაო. ეს მართლაც ასე იყო და ძალიან კარგად ვიცოდი. თუმცა, ელჩის ნათქვამით გავიაზრე, რომ რაც მე დავინახე და შევაფასე, თურმე, გარედანაც კარგად ჩანდა.
მაშინ ჩემი მისია შევასრულე, გუნდი თავიდან დავალაგეთ, სისტემა ავაწყვეთ და მხოლოდ ამის შემდეგ, მეორედ გავედი პოლიტიკიდან. თანაც, საპენსიო ასაკმაც მომიწია და შესაბამისად, ამისათვის კიდევ ერთი საპატიო მიზეზი მქონდა.










