გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, კანონის ამოქმედებიდან 3 თვეში, ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობისთვის 2460 პირი დააჯარიმეს.
ყველაზე მეტი – 1149 დარღვევა თბილისში გამოვლინდა, 525 – ქუთაისში, 432 – ბათუმში, 354 კი – რუსთავში.
უწყების ინფორმაციით, 2460 საჯარიმო ქვითრიდან 2114 – ფიზიკური პირის სახელზე დაიწერა. 346 შემთხვევაში კი, იურიდიული პირები დაჯარიმდნენ.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები, საქართველოს 4 დიდ ქალაქში – თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ბათუმში მოძრავი ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის კონტროლს 4 სექტემბრიდან ახორციელებენ.
ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის კანონმდებლობით დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობისთვის, ფიზიკური პირის შემთხვევაში, ჯარიმის ოდენობა პირველ ჯერზე 100 ლარია, მეორე ჯერზე – 300 ლარი, მესამე ჯერზე – 600 ლარი. იურიდიული პირის შემთხვევაში კი, ჯარიმა 500, 1500 და 3000 ლარია.
ჯარიმის 10 დღის ვადაში გადახდის შემთხვევაში, სამართალდამრღვევს ჯარიმის ოდენობა 20%-ით შეუმცირდება.
ჯარიმების გადამოწმება მოქალაქეებს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ვებგვერდზე შეუძლიათ, ჯარიმის გადახდა კი – შსს-ს ვებგვერდის საშუალებით.










