2008 წლის აგვისტოს ომიდან 15 წელი გავიდა.
ქართულ მიწაზე რუსულ აგრესიას 8 ქუთაისელი ემსხვერპლა.
თამაზ ნიკიტინი – კაპრალი, მედალი მხედრული მამაცობისთვის, გარდაიცვალა 2008 წლის 09 აგვისტოს 26 წლის ასაკში.

დიმიტრი ჯაილოვი – კაპრალი მედალი მხედრული მამაცობისთვის 36 წლის ასაკში დაიღუპა 2008 წელს
მტერი რომ სენაკის ბაზას ბომბავდა, დიმიტრის დაჭრილი რეზერვისტები საავადმყოფოში მიჰყავდა. ორი გზა გააკეთა და გაიყვანა კიდეც დაჭრილი ბიჭები სამშვიდობოს, მესამედ რომ გამოდიოდა, პატარა ძმამ სთხოვა, დროებით თავი შეეკავებინა, ყველაფერი იბომბებოდა, მიწა დუღდა. დიმიტრიმ იუარა, დაჭრილ ბიჭებს ვერ მივატოვებო. ძმას დაემშვიდობა, გზატკეცილზე გამოვიდა და… ძმის თვალწინ აფეთქდა… ძმა მივარდა, კარი გამოაღო. უფროსი ძმა უკვე გარდაცვლილი დახვდა…
ამ შემზარავი ფაქტის შემსწრე გიორგი ჯაილოვმა სულიერ ტრავმას ვერ გაუძლო და სერიოზულად დაავადებული გამოარიდეს სამხედრო სამსახურს…
ეს არის დედის თვალწინ დატრიალებული სამი შვილის ტრაგედია.
დიმიტრი ჯაილოვი 1971 წლის 10 მარტს დაიბადა ქუთაისში. 15 წლის ციალა ჯაილოვასთვის ის პირველი ვაჟი იყო. დედა გაიხსენებს, რომ დიმიტრი თავიდანვე ჭკვიანი და წყნარი ბავშვი ყოფილა, მაგრამ მას მერე, რაც ძმა მის თვალწინ დაიხრჩო, კიდევ უფრო გულჩათხრობილი გამხდარა. სწავლობდა ქუთაისის 34-ე საშუალო სკოლაში, მასწავლებლები მუდამ კარგად ახასიათებდნენ. 2 წელი მსახურობდა ლიპეცკში. ჯარიდან დაბრუნების შემდეგ, 2004 წელს საკონტრაქტო სამსახური დაიწყო.
23 წლის იყო დიმიტრი, რომ დაოჯახდა. ზემო ნიქოზში შეხვდა თავის მომავალ მეუღლეს – ეკა მჭედლიძეს.
2000 წელს პირველი შვილი შეეძინათ – ვაჟი.
ციალა ჯაილოვა: „სულ ჯარზე ელაპარაკებოდა ბავშვს, უნდოდა, რომ ბიჭი სამხედრო მოსამსახურე გამოსულიყო. ახლა ის 10 წლისაა. მეორე გოგონა შეეძინა 2001-ში და მესამე – ბიჭი, 2004-ში…“
დიმიტრი უკვე სამი შვილის მამა იყო, კონტრაქტი რომ გააფორმა სამშობლოსთან. პირველი ხელფასი მთლად საჩუქრებში დაუხარჯავს.
ციალა ჯაილოვა, დედა: „სიტუაცია რომ დაიძაბა, შინ იყო. ძალიან დაუმძიმდა ხასიათი. ვკითხე, რატომ ხარ-მეთქი ასე შეფიქრიანებული. სამი ბავშვი რთული გასაზრდელიაო. შინიდან ბოლოს 1 აგვისტოს წავიდა, განგაშია გამოცხადებული და ერთი კვირა ვერ გნახავთ, ტელეფონით დაგიკავშირდებითო. გიორგიც იქ იყო… ხშირად ვესაუბრებოდი ბიჭებს ტელეფონით, სულ მამშვიდებდნენ. 8 აგვისტოს დღის მანძილზე რამდენჯერმე ვესაუბრე…“
სენაკის ბაზა დაიბომბა. დედა ღამის 2-ის ნახევარზე ურეკავდა შვილებს. დიმიტრი უკვე აღარ პასუხობდა. მეორე შვილს, გიორგის დაელაპარაკა.
დედა: „გიორგიმ მითხრა, ალბათ, სძინავსო… არადა უკვე გარდაცვლილი ყოფილა დიმიტრი და მე მიმალავდა…“
თავზარდაცემული ჯარისკაცი მწარე სიმართლეს უმალავდა დედას, მაგრამ დილით სხვა გზა არ იყო. დედასთან დარეკა.
დედა: „მთხოვა, მეზობელი დამალაპარაკეო. მისთვის უთქვამს, რაც მოხდა… თავიდან მიმალავდნენ, მაგრამ მერე მითხრეს, უკვე მოასვენებდნენ ცხედარს“.
გმირის ცხედარი მამისა და უმცროსი ძმის გვერდით დაკრძალეს.
ფელიქს კაკაურიძე – ავიაციის უმცროსი სერჟანტი 2008 წლის 11 აგვისტოს დაიღუპა.
გმირულად დაეცა მტერთან ბრძოლაში. იმ უთანასწორო შეტაკებაში, რომელიც შინდისთან მოხდა.
ერთ-ერთი იყო ვინც გაშმაგებული ებრძოდა ვერაგულად ჩასაფრებულ მტერს.
ფელიქს კაკაურიძე საქართველოში არ დაბადებულა, არც გაზრდილა, დაიბადა ყაზახეთში, ქალაქ ჯამბულში, 1969 წელს. სკოლაც იქ დაამთავრა, ინსტიტუტშიც იქ ჩააბარა, მხოლოდ შემდეგ ჩამოსულა საქართველოში და სწავლა ქუთაისის უნივერსიტეტში, რუსული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტზე გაუგრძელებია.
როგორც მეუღლისთვის, თამარ კაკაურიძისთვისაა ცნობილი, ფელიქსი ძალიან ცელქი და მოუსვენარი ბავშვი ყოფილა, თავიდანვე აინტერესებდა ჯარისკაცული ამბები. ჯარი სევასტოპოლში მოუვლია. ჯარის შემდეგ სწავლა გაუგრძელებია, თან პარალელურად ბაღდათის რაიონის სოფელ პირველ ობჩაში სამხედროს მასწავლებლად მუშაობდა სკოლაში.
ჯარში სამსახური ფელიქს კაკაურიძემ 2000 წელს დაიწყო.
თამარ კაკაურიძე: „ჩვენ არც ვიცოდით, ისე გააკეთა საბუთები და შევიდა საკონტრაქტო სამსახურში, 2004 წელს მეორე კონტრაქტს მოაწერა ხელი. მსახურობდა სენაკის მეორე ბრიგადაში, მძღოლად, ბატალიონის მეთაურს ატარებდა… ბოლოს, ფიქრიანი გახდა, არაფერს ამბობდა, საკუთარ თავში ჩაიკეტა, ეს ყველაფერი მერე და მერე გავაანალიზეთ…
შინიდან ბოლოს დაღუპვამდე 2 კვირით ადრე წავიდა… შვებულებაში იყო, რომ გამოიძახეს და წავიდა. გამომშვიდობება ყოველთვის ასე იცოდა: დაგვკოცნიდა ყველას და ისე წავიდოდა ხოლმე, მიუხედავად იმისა, რომ ყოველ საღამოს ბრუნდებოდა სახლში… ტელეფონით ყოველდღე ვსაუბრობდით. 7 აგვისტოს რომ ველაპარაკე, მითხრა, საშიში არაფერია, მშვიდობაა, ცხინვალის დასაცავად მივდივართო, გვამშვიდებდა, მალე დავბრუნდებიო… ბოლოს გარდაცვალებამდე ნახევარი საათით ადრე ვესაუბრე 11 აგვისტოს. გორი დაიბომბა და მე დავურეკე – სადა ხარ-მეთქი? – გორში ვარო, მომატყუა, თურმე, შინდისში ყოფილან, სადაც შეტაკება მოხდა. ხმა მესმოდა ავტომატების ჯერის, ვუთხარი, ხომ მშვიდობაა-მეთქი, კიო, დაბომბვა მიდის და ამის ხმები გესმისო. ნახევარ საათში დაიღუპა… ჩვენ ეს ამბავი ოქტომბერში გავიგეთ დნმ-ის ანალიზით… მანამდე ველოდით… მუხათგვერდის სასაფლაოზე იყო დაკრძალული, 20 ოქტომბერს გადმოვასვენეთ და ბაღდათის რაიონის სოფელ საიმედოში, მამის გვერდით დავკრძალეთ… სულ შვილებზე ფიქრობდა, მათ სწავლა-განათლებაზე. ბაბუობაზე ოცნებობდა, რასაც სამწუხაროდ, ვერ მოესწრო. ახლა დღე-დღეზე ველოდები შვილიშვილს… ძალიან მიჭირს მის გარეშე ყოფნა, ვცდილობ ვძლიო დარდს, მაგრამ არ გამომდის…“
ფელიქს კაკაურიძე 40 წლის იყო რომ დაიღუპა. დარჩა ორი ქალიშვილი, გოგონები მაშინ 18 და 17 წლისანი იყვნენ.
გიგა გოგორიშვილი – კაპრალი, მედალი მხედრული მამაცობისთვის, 22 წლის ასაკში დაიღუპა 2008 წელს.
ის ბრძოლის ველიდან ცოცხალი გამოვიდა, რუსულ აგრესიას მაინც ვერ გადაურჩა. გიგა გოგორიშვილი მაშინ დაიღუპა, როცა მისი ბატალიონი თბილისის გასამაგრებლად მოდიოდა. შემოდგომით ქორწილს აპირებდა, მაგრამ არ დასცალდა.
გიგა გოგორიშვილი 1987 წელს დაიბადა ქუთაისში. ოჯახში პირველი შვილი იყო, მალე ძმაც შეეძინა.
მამა იტყვის, რომ გიგა სხვებისგან პატიოსნებით გამოირჩეოდა.
ტიტე გოგორიშვილი, მამა: „გამორჩეული იყო პატიოსნებით და ადამიანობით. ვერ ნახავთ ისეთ ადამიანს, რომელიც იტყვის, რომ გიგამ რაიმე დაუშავა. სკოლაში ჩვეულებრივი მოსწავლე იყო, ოთხები ჰყავდა, ხანდახან – სამებიც… სკოლის დამთავრების შემდეგ, ფარმაცევტული დაამთავრა. სამხედრო ვალი კრწანისში მოიხადა, წელიწადნახევარი მუშაობდა იქ ლაზარეთში. ჯარიდან რომ დაბრუნდა, ვურჩიე, ტყუილად ქუჩაში დგომას, ხელობა ისწავლე და დასაქმდი-მეთქი. არაო, მითხრა, ისევ ჯარში მინდა მუშაობის გაგრძელებაო. მე თვითონ ვეხმარებოდი საბუთების მოგროვებაში… ქუთაისში, მესამე ქვეით ბრიგადაში მსახურობდა. თავისი პირველი ხელფასით მუსიკალური ცენტრი იყიდა. ძალიან უყვარდა მუსიკა“.
გიგა გოგორიშვილი მამამ თვითონ მიიყვანა სამხედრო ნაწილში, როცა გამოიძახეს.
მამა: „ღამის 3 საათზე ავიყვანე ნაწილში. ნაწილთან რომ მივედით, ვუთხარი, აბა, ჭკუით იყავი-მეთქი და მოიცა-მოიცა, გაკოცებო, მითხრა და ის იყო და ის… ტელეფონით ხშირად ვესაუბრებოდი. ახლა, მის ტელეფონს მე ვხმარობ… ომში რომ იყო, იქიდან მეუბნებოდა ტელეფონით, ეტყობა გული უგრძნობდა: „მამა, შენ მეორე შვილი გყავს, მე ნუ დამელოდებიო“. როდესაც თბილისის გამაგრების ბრძანება გაიცა, ნორიოს საწვრთნელ ბაზაზე იყვნენ. შემდეგ გორში გააგზავნეს საჯარისო ნაწილებისთვის პროდუქტებისა და მედიკამენტების დასარიგებლად. გორში ჩამოვიდნენ, ყველაფერი დაარიგეს უკან ბრუნდებოდნენ, საღამოს 8 საათი იყო, ნატახტრის ტეკსა და მცხეთის ასახვევს შორის შეჩერდა კოლონა, გამცილებელს ელოდნენ. ჩემი ბიჭი მანქანის დასათვალიერებლად გადმოვიდა, შეამოწმა, მანქანაზე მსხდომი ბიჭებისთვის წყალი გამოურთმევია… სწორედ ამ დროს დაიღუპა გიგა. ეს მოხდა 13 აგვისტოს, მე 14 აგვისტოს გავიგე, გამთენიისას, ჩემი შვილის მეგობრისგან… თბილისიდან ჩემმა ნათესავებმა ჩამოასვენეს… 21 წლის იყო. სექტემბერში ცოლი უნდა მოეყვანა, მაგრამ არ დასცალდა. არ ვიცი ამ ბავშვმა საიდან მოასწრო ამდენი, ყველასთან ყველაფრის ასე გაკეთება, რომ ცა და ქვეყანა ტიროდა მის დაღუპვას… სამხედროში აპირებდა საქმიანობის გაგრძელებას, საოფიცროზე უნდოდა სწავლის გაგრძელება. ჩემში ზის სამხედრო სულიო – ამბობდა…“
გივი სახელაშვილი – პოლიციის ლეიტენანტი ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენოსანი, 2008 წელს 28 წლის ასაკში დაიღუპა.

გიგა სახელაშვილს 24 ივლისს გოგონა შეეძინა, 7 აგვისტოს შვებულებაში იყო, მაგრამ თავად გამოცხადდა სამსახურში, ომში რომ წასულიყო. მამამ პოლიციის განყოფილებაში რომ მიაკითხა, უკვე მანქანებში სხდებოდნენ და მიდიოდნენ. გიგაც რომ ჩაჯდა, მამას ცრემლი მოერია.
„რა გატირებს მამა, ჩემს ჩამოსვლამდე ცოლ-შვილს მიმიხედე“, – უთხრა და ომში წავიდა… წავიდა და გმირულად დაიღუპა, რუსული ინტერვენციის დროს. დაიღუპა და მამას სიზმრებში ეუბნება იმას, რასაც, ალბათ, ყველა გმირი გვეტყოდა, გვეტყოდა მთელ ქვეყანას: „ნუ ტირიხარ, ვაჟკაცები ასე კვდებიან“.
გივი (გიგა) სახელაშვილი 1980 წლის 2 თებერვალს, ქუთაისში დაიბადა. ოჯახში პირველი შვილი იყო.
პატარა გიგა ქუთაისის რკინიგზის მე-12 სკოლაში შეიყვანეს, ორი წლის შემდეგ 39-ე სკოლაში გადაიყვანეს, ქუთაისშივე. საბოლოოდ ქუთაისის ჰუმანიტარული ლიცეუმი დაუმთავრებია, ფრიადოსანი ყოფილა, მხოლოდ ერთი ოთხიანი გამოჰყოლია უცხო ენაში. ლიცეუმის დასრულებისთანავე თბილისში, უშიშროების აკადემიაში ჩააბარა მისაღები გამოცდები, მაგრამ სათანადო ქულები ვერ დააგროვა, ქუთაისში დაბრუნდა და იმავე წელს ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, იურიდიულ ფაკულტეტზე ჩააბარა. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, მხედრული ვალი მოიხადა და ისევ უშიშროების აკადემიას მიაშურა, ერთწლიანი კურსის გავლის შემდეგ, ქუთაისის პოლიციის სამმართველოს მე-5 განყოფილებაში დაიწყო მუშაობა. 2006 წელს გადავიდა შსს-ს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარ სამმართველოში, უბნის ინსპექტორ-გამომძიებლად, სადაც გარდაცვალებამდე მუშაობდა.
ომამდე ორი კვირით ადრე, გიგა სახელაშვილს მეორე შვილი _ პატარა დეა შეეძინა. გახარებულმა შვებულება აიღო, მაგრამ როგორც კი ქვეყანაში სიტუაცია დაიძაბა, თავად გამოცხადდა სამსახურში.
მამა: „მახსოვს, 7 აგვისტო იყო, დღის მეორე ნახევარი, პოლიციის განყოფილებაში რომ მივედი, ბიჭები უკვე სხდებოდნენ მანქანაში და მიდიოდნენ. გიგაც რომ ჩაჯდა, ცრემლები მომერია, ეს რომ დაინახა, მითხრა: რა გატირებს, მამა, ჩემს ჩამოსვლამდე მიმიხედე ცოლ-შვილსო. იმ საღამოს რამდენჯერმე ვესაუბრეთ ტელეფონით, სულ ხუმრობდა, ნერვიულობა საერთოდ არ ეტყობოდა, აქეთ გვამშვიდებდა. ბოლოს 8 აგვისტო რომ იწყებოდა, მაშინ დარეკა, ღამის 2 საათზე. ჯერ თავის მეუღლეს ესაუბრა, მერე – მე. რომ ვნერვიულობდი, მითხრა: მამა, ნუ გეშინია, ჩვენს წინ ჯარი დგას, მერე სპეცრაზმი მიდის და მერე შევდივართ ჩვენო. არანაირი საფრთხე ჩვენ არ გვემუქრებაო“.
გიგა სახელაშვილი ონის რაიონის სოფელ წედისში დაიღუპა 8 აგვისტოს, გამთენიისას. დაკრძალულია ბაბუის სოფელში, ოდილაურის ეკლესიის შესასვლელი კარის წინ.
ლევან კოხრეიძე – უმცროსი სერჟანტი, მედალი მხედრული მამაცობისთვის, 33 წლის ასაკში დაიღუპა 2008 წელს.
შინდისში კბილებამდე შეიარაღებულმა რუსებმა ქართველი მეომრები რომ ალყაში მოაქციეს, ის თანამებრძოლებთან ერთად გამოეშურა… 9 მანქანა მოდიოდა, ტყვია-წამლითა და დაჭრილებით, მოდიოდა და… ყელქცეულში დააწია მტერმა ბომბები… აფეთქებამ მანქანიდან გადმოაგდო…
ბოლოს აღმოხდა: „ეს სად ვკვდები, ნეტავ, კიდევ ერთხელ ჩამახუტა ნანუკა…“
ლევან კოხრეიძე 1975 წელს დაიბადა სამტრედიაში. სამი წლის იყო, დედა რომ გარდაეცვალა. მსახიობმა მამამ ამ ტრაგედიის შემდეგ სცენა მიატოვა და მღვდლად ეკურთხა.
სკოლაში ქუთაისში შეიყვანეს. იმ პერიოდიდან ოჯახი უკვე ქუთაისში სახლობდა. კარგად სცოდნია რუსული და ინგლისური ენები. დადიოდა მხატვრულ ტანვარჯიშზე და არაერთი მედალი და ჯილდოც მიუღია.
სკოლის დამთავრების შემდეგ ტექნიკუმში განაგრძო სწავლა.
27 წლის იყო რუსთაველ გოგონაზე, ინგა ბარათაშვილზე რომ დაქორწინდა.
ინგა ბარათაშვილი, მეუღლე: „აღდგომა დღეს გავიცანი ჩემს მეგობართან, დიდ ჯიხაიშში, ერთი ნახვით შეგვიყვარდა ერთმანეთი… ლევანს მცირე ბიზნესი ჰქონდა და თითქმის ყოველდღე უწევდა რუსთავში ჩამოსვლა, თითქმის ყოველდღე ვხვდებოდით ერთმანეთს… 9 თვის შემდეგ გავიპარეთ… ცხოვრებაში სულ ერთხელ მითხრა, მიყვარხარო, და ერთხელ, ცოლად გამომყევიო. მიაჩნდა, რომ ნამდვილი მამაკაცი ამას მხოლოდ ერთხელ ამბობს… სიურპრიზებს არ მაკლებდა, აივანზე მიყრიდა ყვავილებს… 9 თვის შემდეგ შვილი შეგვეძინა. ბავშვს მისი გარდაცვლილი დედის სახელი დავარქვით… ჯარში წასვლა გადაწყვიტა. დედაჩემი იყო ძალიან წინააღმდეგი, ეხვეწებოდა, ნუ წახვალო. მაინც წავიდა. სენაკში, მეორე ბრიგადაში მუშაობდა, კავშირგაბმულობის ხაზით. ორი წელი იმსახურა ჯარში, სექტემბერში უფროსი სერჟანტი უნდა გამხდარიყო…“
ომი დაიწყო და ლევანს სამშობლოსთვის თავგანწირვის გარდა, ყველა სხვა გეგმა განუხორციელებელი დარჩა.
ინგა: „ლევანი უკანასკნელად 19 ივლისს ვნახე. შვებულება ჰქონდა. 19 ივლისს წამოვიდა სოფლიდან. მთელი ცხოვრება თავად აღებდა ჭიშკარს და იმ დღეს მე მთხოვა, ჭიშკარი გამეღო. შენ უნდა გამიღო ჭიშკარი და შენ უნდა გამაცილოო… გავაცილე… ხშირად ვეხმიანებოდი… თავიდანვე ცხინვალში იყო და ბოლომდე მატყუებდა, ხან გორს ამბობდა, ხან – ქარელს…
ლევანის დაღუპვა სამი დღის შემდეგ გავიგე… ერთადერთი ოცნება ჰქონდა, უნდოდა, ნანუკა ენახა მოცეკვავე. ნანუკა ახლა 6 წლისაა და არაჩვეულებრივად ცეკვავს… მიმძიმს უმისობა, ერთადერთი ბედნიერი იმით ვარ, რომ ლევანის ხატება დაიარება ამქვეყნად ნანუკას სახით…“
ირაკლი ჯანელიძე – კაპრალი მედალი მხედრული მამაცობისთვის, 21 წლის ასაკში დაიღუპა 2008 წელს.
ოცი წლის ჭაბუკს შინდისთან ჩასაფრებულმა მტერმა მოუსწრაფა სიცოცხლე. ბიჭები მედგრად იგერიებდნენ მტრის იერიშებს, მაგრამ მტრის ურიცხვობამ თავისი გაიტანა. ის ბრძოლის ველზე დაეცა გმირულად. მთელი სხეული დამწვარი ჰქონდა, მხოლოდ მარცხენა ბეჭი გადარჩა უვნებლად. ბეჭი, რომელზეც ჯვარი ჰქონდა ამოსვირინგებული. სწორედ ამ ნიშნით იცნო მამამ შვილის დამწვარი ცხედარი. ირაკლი ჯანელიძე ნანატრი ვაჟი იყო ოჯახისთვის, ტყუპი დების შემდეგ რომ შეეძინათ მშობლებს.
დაიბადა 1987 წლის 19 დეკემბერს, ქუთაისში.
ჯარისკაცის მამა გაიხსენებს, რომ ირაკლი იყო წყნარი, მშვიდი და დამჯერი ბავშვი. 9 კლასის ფრიადებზე დამთავრების შემდეგ, სწავლა პოლიტექნიკურ ინსტიტუტთან არსებულ კოლეჯში გააგრძელა. 18 წლის გახდა თუ არა, უკვე 2006 წლის აგვისტოში, კოლეჯი არც დაუმთავრებია, ისე წავიდა ჯარში. 45-დღიანი კარანტინი სენაკში გაიარა და ისე, რომ მშობლებმა არც იცოდნენ, კონტრაქტი გააფორმა საქართველოსთან. მსახურობდა სენაკის მეორე ბრიგადაში, კავშირგაბმულობის ასეულში. იყო კაპრალი.
მანქანაზე ოცნებობდა თურმე და აიხდინა ოცნება – მანქანა იყიდა.
დღესაც სახლში ჰყავს ოჯახს ირაკლის მანქანა.
მამა გაიხსენებს, რომ ომის დაწყების წინა დღეებში ირაკლი გულჩათხრობილი გახდა.
მამა: „2-3 აგვისტოს სახლში მოვიდა, მაგრამ ისე იყო დაღვრემილი და ჩაფიქრებული, რომ სიტყვას არავის ეუბნებოდა. მგონი, იცოდა, რომ ომი იწყებოდა… 6 აგვისტოს ბიძაშვილი ჩამოიყვანა ჭიათურიდან, ქუთაისში საავადმყოფოში დააწვინა. მეორე დილას, 7 აგვისტოსაც ჩამოაკითხა და წავიდა… საერთოდ არაფერი უთქვამს. მე სახლში არ ვიყავი, საჩხერეში ვმუშაობდი იმ პერიოდში, დედასა და დებს უთხრა, ხვალ ჩამოვალო… მე ტელეფონით ველაპარაკე, არც ჩემთვის გაუმხელია არაფერი, არც ვიცოდი, რომ ომში იყო წასული… არც 9 აგვისტოს გამიმხილა, რომ ომში იყო, მითხრა, პოლიგონზე ვარო… ტელეფონზე ხშირად ველაპარაკებოდი და სულ გვამშვიდებდა. ბოლოს 10 აგვისტოს, ღამის 2 საათზე ველაპარაკე.
ვკითხე, სად ხარ, ცუდ ამბებს აცხადებენ-მეთქი. პანიკას ნუ აჰყვები, პოზიციებზე ვდგავართ და მალე ჩამოვალო. ეს იყო ჩვენი ბოლო საუბარი. ამის შემდეგ ვეღარ ვუკავშირდებოდით… 11-ში, 12-ში, 13-ში რომ აღარ დარეკა, უკვე ვგრძნობდი, რომ ცოცხალი აღარ იყო…
მაინც ვეძებდი, ხან ბორჯომში წავედი, ხან – ბაკურიანში, მერე გზები ჩაიკეტა. ნათესავებს ვთხოვე, თბილისის საავადმყოფოებში ეძებნათ – დაჭრილებში, მიცვალებულებში, ყველგან. 17-ში საღამოს დამირეკა ერთ-ერთმა ნათესავმა, ერთ-ერთ „ცინკის“ კუბოს „ჯანელიძე“ აწერიაო…
ამასობაში მთავრობიდანაც დამირეკეს და თავდაცვის სამინისტროში ამოცნობაზე დამიბარეს… 19 აგვისტოს გადმოვასვენეთ და დავკრძალეთ ქუთაისში…
ორი კი არა, ორი ათასი წელი რომ გავიდეს, ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის ცხოვრება დასრულებულია… იმისთვისღა ვცოცხლობ, რომ მის ტყუპ დებს, ჩემს ქალიშვილებს მივაქციო ყურადღება…
ბავშვი უნდა მოენათლა ჭიათურაში, ვერ მოასწრო… დაიღუპა… მერე მე მთხოვეს, მის ნაცვლად მომენათლა. შარშან ნათლისღებაზე უნდა მომენათლა, მაგრამ წასვლის თავი არ მქონდა. წინა ღამით დამესიზმრა ირაკლი… ჭიშკართან დადიოდა. ვკითხე, სადა ხარ, ბიჭო, ამდენს ხანს, არ იცი, ხვალ გიორგი რომ უნდა მონათლო-მეთქი? ჩაფიქრდა და მერე მითხრა: დიდი ხნით მივდივარ მე და მოდი, მამა, შენ მონათლეო. მეორე დღეს წავედი, მოვნათლე ის ბავშვი…“
დათუნა ავალიანი -შსს-ს თანამშრომელი

2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის დროს შსს-ს 14 თანამშრომელი გარდაიცვალა, მათ შორის ქუთაისელი დათუნა ავალიანი. მას გარდაცვალების შემდეგ ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენი მიენიჭა.










