ლესბოსური* წინააღმდეგობა გარდაუვალია !!
გვსურს გამოვეხმაუროთ, კლუბ ბასიანის და არტისტების მხრიდან HOROOM FEM: Lesbian* Resistance-ის ღონისძიების გაუქმებას, რომელიც დაგეგმილი იყო 16 აპრილს და ემსახურებოდა ქალების მხარდაჭერას, მათ შორის სოლიდარობის გაძლიერებასა და მათთვის უსაფრთხო სივრცის შექმნას.
პირველ რიგში უნდა აღვნიშნოთ, რომ ამ ღონისძიების ხელშეწყობით ჩვენ ვესწრაფვოდით ქალთა მიმართ მდგარი მძიმე რეალობის გახილვადებას, რადგანაც ქალებს ნაკლები შესაძლებლობები აქვთ თუნდაც გასართობ სივრცეებში მოხვედრის. ქალები ეკონომიკურ სიღარიბესთან ერთად განიცდიან დროით სიღარიბესაც პატრიარქალური და ძალადობრივი კულტურის მხრიდან წამოსული წნეხის გამო.
ღონისძიების გაუქმება ნიშნავს, უამრავი, განსაკუთრებით რეგიონში მცხოვრები, ქვიარ ადამიანის, რომელთაც აქამდე ჰორუმის სივრცეში ცეკვის შესაძლებლობაც კი არ მისცემიათ, გარიყვას და საცეკვაო მოედნის მიღმა დატოვებას, რომლის დაკავებაც მრავალი პოლიტიკური მიზნითაა მნიშვნელოვანი.
მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიების გაუქმებას უსაფუძვლოდ მივიჩნევდით, ჩვენ არაერთხელ შევთავაზეთ არტისტებს და კლუბ ბასიანს შეხვედრა, რათა საქმიან ფორმატში გადაგვეტანა დიალოგი; გვემსჯელა ტექსტის მათთვის “პრობლემური” ჩანაწერების ამოღება/ცვლილებაზე, რომელიც გაურკვევლობას იწვევდა, თუმცა, სამწუხაროდ პასუხი არც ერთხელ არ მიგვიღია. უნდა აღინიშნოს, რომ ტექსტი შეთანხმებული და დადასტურებული იყო ბასიანის ადმინისტრაციის მხრიდან. აღნიშნული გვიდასტურებს ეჭვს, რომ ადგილი აქვს მიზანმიმართულ საბოტაჟს.
მიუხედავად ღონისძიების ფუნდამენტური მიზნებისა, კლუბ ბასიანისა და არტისტების მხრიდან ბოიკოტის საბაბად გამოყენებული იყო ერთ-ერთი ორგანიზატორის მიერ პირად ინსტაგრამ სთორიში ნახსენები ფრაზა – “ჩვენ შევქმნით სივრცეს, რომელიც დაცლილი იქნება ტოქსიკური მასკულინობის და გეი დომინაციისგან”. რის საფუძველზეც მის მიმართ დაიწყო პერსონალური თავდასხმა და ჯგუფის ღია დისკრედიტაციის მცდელობა, ჩვენთვის ჰომოფობიისა და ტრანსფობიის დაბრალებით მათ მიერ დაუსახელებელი ჯგუფების ვითომ გარიყვის გამო. ეს ბრალდება აუფასურებს ჩვენს სამუშაო გამოცდილებას და ბრძოლას, რომელსაც წლების განმავლობაში ყოველდღიურ რეჟიმში ვაწარმოებთ ქვიარ თემის თითოეული წევრის გასაძლიერებლად.
ქვიარ ქალების წუხილების საჯაროდ გაჟღერების მცდელობა, თემის შიგნით არსებული იერარქიებისა და დომინაციების შესახებ, უაპელაციოდ ჰომოფობიად მონიშნეს. ჩვენ მიმართ გაჟღერებული ბრალდებები ცილისმწამლებლურია, ემსახურება ჩვენი ბრძოლის დისკრედიტაციას და საფრთხეს უქმნის ქვიარ ქალების პოლიტიკურ გაძლიერებას.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენი მხრიდან გეი დომინაციის აღნიშვნა არ ნიშნავს ქვეყანაში არსებული მძიმე ჰომოფობიური ჩაგვრის უარყოფას. ჩვენი მიზანია იმ მანკიერი პრაქტიკის მხილება, რომელიც დგას ძალაუფლებრივ ასიმეტრიასა და რესურსების გადანაწილების უთანასწორობაზე. ქვეყნის მასშტაბით ქალები გარიყულები არიან საჯარო პოლიტიკის, მეცნიერების, სპორტის სფეროდან და აღმოჩნდა, რომ გართობის ინდუსტრიიდანაც.
ქალური, ლესბოსური სექსუალობა და ყოფა სრულიად უხილავი, აუღიარებელი და დაუფასებელია. ამ ყველაფრის ფონზე, არაფემინისტური, მიზოგინური და სექსიტურია ქვიარ ქალების უხილავობის არდანახვა და ემსახურება ძალაუფლებრივი სტატუს-კვოს შენარჩუნებას, გრძელვადიან პერსპექტივაში ქალების გაჩუმებასა და კრიტიკული ხმის ჩახშობას.
ქვეყანაში, სადაც ქალად მონიშვნის გამო ქალების თითქმის სრული უმრავლესობა სექსუალური შევიწროების მსხვერპლი ცხოვრებაში არაერთხელ ხდება კაცების მხრიდან;
სადაც ქალებს კაცები ჩაგრავენ ოჯახში ძალადობით;
სადაც ქალების სხეულის გასაგნება, გადაჭარბებული სექსუალიზება და ასაკის მატებასთან ერთად დესექსუალიზება, მათი სურვილების და საჭიროებების გათვალისწინების ყველა შესაძლებლობას ახშობს;
სადაც ქალები ქორწინებაში გაუპატიურების მსხვერპლები ხდებიან და უწევთ სექსუალური მომსახურების ვალდებულება მათი ნების საწინააღმდეგოდ შეასრულონ;
სადაც ჩვენს დებს, შვილებს აუპატიურებენ მამები, ბიძები, ბაბუები, სახლში, ქუჩაში, კლუბებში…;
სადაც ქალად მონიშვნა იმთავითვე გულისხმობს განვითარებისა და რეალიზაციის შესაძლებლობების შეზღუდვას, ტრავმასა და ტკივილს, ისე, რომ ეს პროცესი მთელი ცხოვრება გრძელდება და მშველელად, მალამოდ ერთმანეთიღა შეიძლება გვყავდეს;
ერთმანეთის დანახვის შესაძლებლობის გაჩენის მოთხოვნისთვის გვადანაშაულებენ და კაცებისგან სეპარაციის გამო გვსჯიან “ჰომოფობიაში მხილებით”, კაცები და კაცთან იდენტიფიცირებული “ფემინისტები”, რომლებიც ძალაუფლებასა და დომინანტურ წესრიგში კომფორტის ზონაში მოხვდნენ, სამართლიანობის მხარეს დგომას უფრთხიან ძალაუფლებისგან სარგებლის ჩამოჟონვის იმედით, ანდაც იძულებულნი არიან ასე მოიქცნენ, კიდევ უფრო გვარწმუნებს ჩვენი ინიციატივის პოლიტიკურ მიზნობრიობაში.
არ გავჩერდებით! შეიძლება არა ბასიანზე, არა არსად, სადაც პრივილეგიებით თვითტკბობაში არიან ჩაცვენილნი, მაგრამ აუცილებლად შევხდვებით ერთმანეთს, უპირობო სიყვარულით, თანაგრძნობითა და სოლიდარობით!
ფემინიზმი თანასწორობისა და სიმართლის სამსახურში დგომაა, და გამბედაობა, ხედავდე სად არის სიმართლე!
ლესბოსური* წინააღმდეგობა
#ლესბოსურიწინააღმდეგობა
#ფემინისტურისეპარაცია-ლესბოსური წინააღმდეგობა.